რელიგია
კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესია ვნების პარასკევს აღნიშნავს

 

19 აპრილს კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი ვნების პარასკევს აღნიშნავს.

ეს დღე მორწმუნეებისათვის მაცხოვრის ჯვარზე გაკვრასა და სიკვდილს უკავშირდება.


ვნების პარასკევი ერთადერთი დღეა, როდესაც არც ერთ კათოლიკურ ტაძრში წირვა არ აღესრულება, ღვთისმსახურები მხოლოდ გარდამოხსნის რიტუალს ასრულებენ და ლოცულობენ. ამ დღესთან დაკავშირებით, ეკლესიებში არ ისმის ტრადიციული ორღანის ხმა და საგალობლები მის გარეშე სრულდება.

საღვთისმეტყველო ლიტურგია შესრულდა სომხურ სამოციქულო მართლმადიდებლურ ტაძრებშიც. ახალციხის გრიოგოლ განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში ჯვრის გარდამოხსნასთან ერთად ტრადიციული ყვავილების საფლავის რიტუალიც შესრულდება. საგანგებოდ დამზადებული საფლავის ქვეშ მორწმუნეები 3–ჯერ გავლენ. სწამთ, რომ ამ რიტუალით მათი ლოცვა შესმენილი იქნება და სურვილი აუსრულდებათ. 

დღესვე როგორც კათოლიკე, ასევე სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი ქრისტეს ვნებასთან დაკაშირებით სახარების ნაწყვეტს მოისმენს. ორივე ქრისტიანულ კონფესიაში წითელ პარასკევს ტრადიციულად კვერცხი წითლად იღებება და მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის ემზადებიან.

 

| Print |