რელიგია
მიტროპოლიტი სერგი დღეს დაკრძალეს
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი დღეს, 23 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქ. ლაგოდეხის ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს, სადაც დილის 10:00 საათიდან საღმრთო ლიტურგია და მიტროპოლიტ სერგისთვის წესის აგება გაიმართა.
საქართველოს პატრიარქმა მეუფე სერგის ,,მრავალმხრივი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული" უწოდა. დღესვე, საპატრიარქოს ვებ-გვერდზე ილია მეორის სამძიმარი გავრცელდა.
,,62 წლის ასაკში ღვთივგანისვენა ნეკრესის მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილმა). მან, სრულიად ახალგაზრდამ, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. 33 წლისა კი უკვე მღვდელმთავარი გახდა და ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი, ხოლო ხუთი წლის შემდეგ ნეკრესის ეპარქიაში განაგრძო მოღვაწეობა.
ამ ხნის მანძილზე და დღემდეც მრავალი განსაცდელი გადაიტანა, რომელთაც გულმხურვალე ლოცვით მუდამ უშიშრად სძლევდა. მეუფე ყოველთვის გამოირჩეოდა გაჭირვებულთადმი მამობრივი მზრუნველობით, გულმოწყალებით, სტუმართმოყვარეობით, გულწრფელობით, ბავშვური უბრალოებით...
იყო ეკლესია-მონასტერთა მაშენებელი, ეპარქიაში საგანმანათლებლო ცენტრების დამაარსებელი, სოფლის მეურნეობის ამაღორძინებელი და, საერთოდ, მრავალმხრივი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული. ამ თვისებების წყალობით მიაღწია იმას, რომ თავისი სამწყსო ერთ დიდ ორგანიზმად, ერთ ოჯახად შეკრა და ღვთის სიყვარულით აღანთო.
ვუსამძიმრებთ მათ, ვუსამძიმრებთ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელო და სამონაზვნო დასს, მრევლს, ნათესავებს, ყველა გულშემატკივარს და შევთხოვთ უფალს, თვისი წყალობა და შეწევნა არ მოაკლოს მეუფე სერგის უკვდავ სულს, შეუნდოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ამინ!" - ნათქვამია განცხადებაში.
მეუფე სერგიმ ნაღვლის ოპერაცია გაიკეთა და კლინიკაში კოვიდ19-ით დაინფიცირდა. მიტროპოლიტი მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დაახლოებით ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ სინოდის წევრი 19 სექტემბერს, გარდაიცვალა.
მეუფე სერგის "ახალციხელობა 2019"-ის ფარგლებში საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მას სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოპოსის სამღვდელმთავრო ტახტი 1992 - 1997 წლებში ეკავა.
1988 წელს მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საფარის მონასტრის წინამძღვრად.
გააზიარეთ :