რელიგია
ბარბარობა, საბაობა, ნიკოლოზობა - ახალციხეში დღესასწაულებისთვის ემზადებიან
ბარბარობა

17 დეკემბერს ქრისტიანული ეკლესია ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს. წმინდა ბარბარე სარწმუნოებისთვის IV საუკუნეში აღესრულა - მას თავი საკუთარმა მამამ, წარმართმა თავადმა, დიოსკორემ მოკვეთა. წმინდანის წმინდა ნაწილები კიევში, ვლადიმირის ტაძარში განისვენებს და მისგან სასწაულები დღესაც აღესრულება. წმინდა ქალწულმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება, ამას გარდა მას ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვისაც ევედრებიან.

ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ამიტომ ამ დღეს სამარხვო ღვეზელებს აცხობდნენ. სასულიერო პირების თქმით, ხალხური წარმართული მოქმედება ქრისტიანულ რიტუალად მოსახლეობამ აქცია. ქალწულმოწამე ბარბარე საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ოჯახებში მეკვლეს იღებენ და ლობიანებს აცხობენ.
საბაობა

18 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო ღირსი საბა განწმენდილის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს განსაკუთრებულად ზეიმობენ საფარის მონასტერში, სადაც მთავარი ტაძარი წმინდა საბას სახელობისაა.

ღირსი საბა განწმენდილი V საუკუნეში, კაბადოკიაში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. რვა წლის საბამ ყველაფერი მიატოვა და ფლაბიანოსის მონასტერს შეეხიზნა. აქ მან მარხვაში 10 წელი გაატარა, რითაც უფლისგან სასწაულქმედების მადლი მიენიჭა. შემდეგ იერუსალიმს მიაშურა და რამდენიმე მონასტერში ცხოვრობდა.

წმინდანი განსაკუთრებით ოჯახების მფარველად მოიხსენიება და მას ასევე შვილიერებისთვის ევედრებიან.
ნიკოლოზობა

მართლმადიდებლები საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავენ. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი ყრმობიდანვე განსაკუთრებული იყო. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ქალაქ ბარში გადაასვენეს.
წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეავედრა.

| Print |