რელიგია
1934 წელს კალისტრატემ წერილი გაუგზავნა სტალინს, სემინარიაში ერთად სწავლობდნენ, ჯგუფელები იყვნენ - მეუფე ნიკოლოზი
1917 წლის 12 მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოველში საზეიმოდ გამოაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. დეკანოზი კალისტრატე ცინცაძის როლი ამ მიღწევაში დიდი იყო. გასაბჭოებულ ქვეყნაში მისი სასულიერო იერარქია პატრიარქობამდე ავიდა. მას გერმანელი მეუღლე, ხუთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდა. მისი უფროსი შვილი ნინო ცინცაძეც კომუნისტების ნასროლ ტყვიას შეეწირა. ნინომაც საკუთარი სისხლით გადაიხადა სამშობლოს სიყვარულის ვალი და საბჭოური ტყვიის საფასური…

ნინო ცინცაძე ართანელი თავადის, შოთა ყარალაშვილის მეუღლე გახლდათ. 1924 წელს, ერთ ღამეში, შოთა ყარალაშვილი და ოჯახი თავისი სტუმრებიანად ბოლშევიკებმა იმსხვერპლეს. შოთას და ნინოს ორი ვაჟი ჰყავდათ. შოთა აბასთუმანში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. არსებობს ნინო ცინცაძის წერილი, სადაც მამას, პატრიარქ კალისტრატეს აბასთუმანში ჩასვლას სთხოვს - შოთა ძალიან ცუდადაა, ზიარება უნდა, ჩამოდი და წმინდა ნაწილები ჩამოიტანეო... დაქვრივებულმა ნინომ მუშაობა ბაქტერ­იოფაგში დაიწყო.

ნინოს დამოუკიდებელი ქვეყნის სიყვარულის მაგალითს მამა აძლევდა. როცა ე.წ. ტროიკის სისასტიკემ მთელი ქვეყანა მოიცვა, კალისტრატემ დაუფარავად იქადაგა: ,,დიდი რუსეთის ეკლესიის თავი ვერ მიუდგა ქართული ეკლესიის სხეულს, წმინდა ნინოს ეკლესია გადააქცია მართლმადიდებელი აღსარების უწყების განყოფილებად, ხოლო ადგილობრივი მათი თანამშრომლები, ეპისკოპოზნი და მღვდელნი ვეღარ ახერხებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას, მართლის დამტკიცებას..."

ნინო ამ ღირებულებებით გაიზარდა. ჰოდა, 1937 წლის ზაფხულის ერთ საღამოს ჩეკისტებმა მოაკითხეს... რეაბილიტაციის ცნობით გაირკვა, რომ ნინო ცინცაძის დახვრეტის ოქმს ხელი სტალინმა მოაწერა. დაპატიმრებიდან ოთხ თვეში დაუხვრეტიათ.

გიორგი ელიავას დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ანტისაბჭოთა განწყობით გამორჩეულთა გრძელ სიაში ნინო ცინცაძე 32-ე იყო, როგორც საფრანგეთის დაზვერვის აგენტი. ის 1937 წლის 10 აგვისტოს დააპატიმრეს და 9 დეკემბერს გაასამართლეს 58-1-ა, 58-6, 58-11 მუხლებით, რაც შპიონაჟს, ანტისაბჭოთა განწყობასა და ხალხის მტრობას გულისხმობდა.
კალისტრატე ცინცაძე წერილებს სწერდა მთავრობას, პირადად სტალინს. სურდა მასთან შეხვედრა, რომელიც არ შემდგარა. ითხოვდა პასუხს, გაეგებინებინათ მისი შვილის ბედი. როგორც სასულიერო პირი დელიკატურად კითხულობდა, როგორ მოეხსენიებინა ლოცვებში, როგორც ცოცხალი თუ მკვდარი. კითხვა წლების მანძილზე უპასუხოდ დარჩა. სტალინმა არა, მაგრამ პატრიარქს შვილის ვერ დაბრუნების მიზეზი რეაბილიტაციის ცნობამ აცნობა, ნინო ცინცაძის დახვრეტის ოქმს ხელს სტალინი აწერს… სოციალური წარმომავლობის გრაფაში, ხაზგასმით აღნიშნულია ნინოს სასულიერო პირის ოჯახი. ის 42 წლის ასაკში, დაპატიმრებიდან ოთხ თვეში სასხლეტზე ერთი ხელის გამოკვრით დახვრიტეს.

სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1958 წლის 13 მაისის განჩინებით მისი რეაბილიტაცია მოხდა და დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმე შეწყდა...

კალისტრატე ცინცაძის მორალურად გატეხვა, ჯერ კიდევ მისი პატიმრობისას სცადეს, მერე სახელმწიფო უნივერსიტეტში საათები შესთავაზეს, ლექტორობას შეპირდნენ, ანაფორის გახდის სანაცვლოდ. ბოლოს კი, უფროსი შვილი დაუხვრიტეს.

მანამდე 1923 წელს კალისტრატე ცინცაძე ანტისაბჭოთა განწყობის ბრალდებით დააპატიმრეს, მან მეტეხის ციხეში სამი წელი გაატარა. 14 წლის შემდეგ, იგივე გზა მისმა ქალიშვილმა, ნინომ გაიარა, იმ განსხვავებით, რომ ის ვეღარ დაბრუნდა საპატიმროდან…

| Print |