რელიგია
კანონი აუცილებლად მისაღებია, რომ დარეგულირდეს სადავო საკითხები - არქიმანდრიტი ნიკოლოზი

პანსიონის მფლობელის დუმილი კითხვებს უჩენს ზარზმის მონასტრის წინამძღვარსაც. არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე ამბობს, რომ დგას ხალხის გვერდით. ,,ერთი კაცი სანამ იდგება იქ, მეორე მე ვიქნები“ - აღნიშნავს მამა ნიკოლოზი.

8 მარტს განვითარებულ მოვლენებს სრულ პროვოკაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ვიდეო, რომელიც გამოცემა ,,ბათუმელებმა“ გაავრცელეს, დაპირისპირების მხოლოდ ბოლო ნაწილს ასახავს, ხოლო მთავარი, რამაც გამოიწვია მისი და ადგილობრივების გაღიზიანება, არ გასაჯაროვებულა. ამბობს, რომ მერაბ მიქელაძემ თავდაპირველად, საცხოვრებლად იყიდა შენობა, რამდენიმე თვეში კი გაირკვა, რომ სახლს საკულტო ნაგებობის სტატუსი მიანიჭეს, ისე რომ არავის ამის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს.

,,ვფიქრობ, რომ კანონი აუცილებლად მისაღებია, რომ დარეგულირდეს სადავო საკითხები და მსგავსი ინციდენტები აღარ მოხდეს. მიქელაძის სახლი არის დაბაში და ერთი დაბელი არ დადის იქ. თუ კი ვინმე დადის მაგ მეჩეთში, დადიან ჭელიდან, ზანავიდან, დერცელიდან, მოხიდან და ა.შ. ყველა ამ დასახელებულ სოფელში არის მეჩეთი და ამ მხრივ ლოცვის პრობლემა არ გააჩნიათ. ჩემთან ერთად იყო ჭულეს მონასტრის წინამძღვარი მამა ანთიმოზი, დაბის მოძღვარი მამა რევაზი და მათთან ერთად მეც.

მაგალითად, ყარათუბანში ვაშენებდით ეკლესიას, მაგრამ შეგვიჩერეს, რადგან ნებართვაში იყო ლაფსუსი გაპარული. ახლა ვკითხულობ, მე თუ მჭირდება ნებართვა, მათ როგორ შეუძლიათ ნებართვის გარეშე ფუნქციონირება? მათ არ ჭირდებათ რეგულაცია? აუცილებელია, რომ კანონი იქნას მიღებული და მჯერა, რომ ჩვენი საკანონმდებლო ორგანო ამ კანონს აუცილებლად მიიღებს. ყველამ უნდა იცოდეს, რისთვის გამოიყენება ესა თუ ის შენობა, რომ შემდგომში არ მოხდეს დაპირისპირება, ეს სახელმწიფოს ინტერესებშიც უნდა იყოს“
- აღნიშნავს არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე.
ზარზმის მონასტრის წინამძღვარი რადიო თავისუფლების კითხვაზე - როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, პასუხობს, რომ ,,ადგილის მონიშვნა არ გამოვა და ამას არავინ შეეგუება“.

,,ტრადიციულ მუსლიმებს ვისაც ჩვენ ვეძახით, ეგენი მათთან არ არიან, მათი განაყოფია, მოვიდა, ააბუნტა ეს ხალხი, არ ემორჩილება არც ადგილობრივ მუსლიმებს და არც მთავარ სამმართველოს, ბატონი მამუკა ვაშაყმაძე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მუფთს წარმოადგენს და ბათუმშია კიდევ მუსლიმთა სამმართველო, არ ემორჩილებიან მათ. მაშ ვის ემორჩილებიან, ვინ არის ეს ხალხი, საიდან მოდის და ვის ინტერესებს ატარებენ? უნდა იცოდეს, რომ ადგილის მონიშვნა არ გამოვა, ამას არავინ შეეგუება“ - განმარტავს არქიმანდრიტი ნიკოლოზი.


დაბა ადიგენში, კერძო პირის მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები 8 მარტს შეიკრიბნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი მიქელაძისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ხუთშაბათს, 7 მარტს, ადიგენის ორივე რელიგიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა ,,მეჩეთად არ გადააქცევდნენ“ და მუსლიმური ტრადიციის თანახმად ყოველ პარასკევს ლოცვას არ ჩაატარებდნენ.

შეთანხმების მიუხედავად, მართლმადიდებლებმა მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება, რომელსაც მოგვიანებით ადიგენის მერმა მიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
| Print |