რელიგია
მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ე.წ. რუსული კანონის მომხრეა
ჩვენი ინიციატივა იყო და ბიძინა ივანიშვილი დაგვეთანხმა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ე.წ. რუსული კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირების შესახებ განაცხადა.

,,ამ გადაწყვეტილების თანაინიციატორები ვართ ყველანი, ლიდერები. უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გვქონდა, ის არის ჩვენი თანამოაზრე ამ საკითხში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ ამ საკითხზე საუბარი უმრავლესობამ გუშინწინდელ სხდომაზე დაიწყო და გუშინ გააგრძელა.

ცნობისთვის, დღეს გახდა ცნობილი, რომ „ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტში აბრუნებს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ზუსტად იგივე იქნება, ერთი განსხვავებით. 

,,შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა. კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული"- განაცხადა მდინარაძემ.

მმართველმა ძალამ გასულ წელს უცხოური აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც პარლამენტმა 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო და ვენეციის კომისიასაც გადაუგზავნა, თუმცა საზოგადოების მასობრივი პროტესტის შემდეგ, 9 მარტს მისი უკან გაწვევა გადაწყვიტა, 10 მარტს კი კანონპროექტი ფორმალური, მეორე მოსმენის შემდეგ ჩავარდა.

მას შემდეგ არაერთხელ ითქვა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, რომ კანონს უკან აღარ დააბრუნებდნენ. ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ივნისში განაცხადა, რომ ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მკაფიოდ დაუდასტურა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებდა „უცხოელი აგენტების“ კანონს მიჰბრუნებოდა. "ეს საკითხი არის დახურული და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს“,- აღნიშნა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა.

ახალმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ კი თებერვალში, დანიშვნამდე პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, რომ გასულ წელს მმართველმა პარტიამ ანგარიში გაუწია “შეცდომაში შეყვანილი” ადამიანების პოზიციას, რომლებიც ამ კანონპროექტს “წაუკითხავად” აკრიტიკებდნენ და ამიტომ გაიწვიეს უკან.
| Print |