ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
ზარზმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
პროექტი მონასტრის დაზიანებული სახურავისა და ისტორიული წყაროს კონსერვაცია–რეაბილიტაციას, წყაროსთან მისასვლელი ბილიკის მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, რომელიც 2017 წლის 1 თებერვლიდან–23 თებერვლამდე საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, დაინტერესებულ კომპანიებს იწვევს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ, 2017 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყება და 2019 წლის აპრილში დასრულდება.
პროექტის მიზანი სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.
ზარზმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში აფინანსებს, რომელსაც დონორობას მსოფლიო ბანკი უწევს
ზარზმის სამონასტრო კომპლექსი ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმაში მდებარეობს. იგი VIII-IX საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია. ტაძრის მოხატულობა, შუა საუკუნეების ქართული მხატვრობის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.