სამართალი
1-ლი აპრილიდან მძღოლებს ნარკოტესტზე ადგილზევე შეამოწმებენ

პირველი აპრილიდან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა დასჯადი ხდება.

სასჯელი ჯარიმას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში 1-ლი აპრილიდან ამოქმედდა. 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიაღჭურვილნი არიან პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.

კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საპატრულო პოლიცია მძღოლს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე ნარკოტესტერით გადაამოწმებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით, საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება. ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისას უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესი დაირღვა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში, სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება.

 

| Print |
თეგები: ნარკოტესტი /