სამართალი
"დაკავებისას პოლიციის შენობაში მცემეს" - ალექსი დევნოსაძის საქმე
ქურდობასა და ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის დაკავებული ალექსი დევნოსაძე, სამართალდმცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ბრალდებულმა ამის შესახებ ახალციხის რაიონულ სასამართლოში 4 აპრილს, სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამართალდამცველები ზეწოლას ამ დრომდე ახორციელებენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვენ, სანაცვლოდ კი მხოლოდ წელიწადნახევრიან პატიმრობას ჰპირდებიან.

ჰქონდა თუ არა სამართალდამცველების მხრიდან დარღვევას ადგილი - შსს-ში ამბობენ, რომ მოკვლევას პროკურატურა აწარმოებს.

"დაკავებულის ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას აცნობა სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესახებ. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს პროკურატურას, რომელიც იძიებს ა.დ.-ს უფლებადამცველის მიერ მოყვანილ ფაქტებს", - წერია უწყების განცხადებაში.

დაკავებული საგამოძიებო ორგანოებს მტკიცებულებების - მათ შორის თითის ანაბეჭდის გაყალბებაში ადანაშაულებს.

ალექსი დევნოსაძე ორი ბრალდებიდან მხოლოდ ერთს - ნარკოტოკების შეძენა-შენახვა-მოხმარებას აღიარებს, ქურდობას კი გამორიცხავს.

საქმე ეხება ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე 2018 წლის 2 ოქტომბერს მომხდარ ქურდობას. დაზარალებულის სახლიდან 6 000 ლარამდე ღირებულების ოქროს ნივთები და ტანსაცმელი გაიტანეს.

დღეს სასამართლო სხდომაზე პროკურატურის მოწმეები - დაზარალებული და ის ოქრომჭედელი დაკითხეს, რომელიც ამბობს, რომ დევნოსაძემ ოქროს ნივთები მასთან ჩააბარა. დავით გოგოლაძის თქმით, ბრალდებულისგან შეძენილი 130 ლარის ღირებულების ნივთები ჟურნალში არ აღრიცხა. ოქრომჭედელმა განაცხადა, რომ ბრალდებულს არ იცნობს და მხოლოდ მაშინ ნახა, როცა ხაშურში მისგან ოქროს ნივთები ჩაიბარა.

ალექსი დევნოსაძე კი შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ოქრომჭედელს კარგად იცნობს, დაკავებამდე ხშირად კონტაქტობდნენ და მასთან ერთად მარიხუანაც კი მოუწევია. ოქრომჭედელმა აღნიშნული უარყო.

დღესვე სასამართლომ ალექსი დევნოსაძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელა. პროკურატურამ პატიმრობაში დატოვება, ადვოკატმა კი 30 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
მოწმეების დაკითხვა შემდეგ სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც 30 აპრილს ჩაინიშნა.

| Print |