სამართალი
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული შვიდი თანამშრომლიდან სამი სასამართლოს მიმართავს
ა(ა)იპ "ახალციხის ციხიდან" რეორგანიზაციის გამო გათავისუფლებული სამი თანამშრომელი სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს.

ივანე გიქოშვილის, მაია მამულაშვილისა და ვეფხვია სამსონიძის ინტერესებს ირაკლი ბარძიმაძე დაიცავს. ადვოკატი ამბობს, რომ ადმინისტრაციიდან და მერიიდან დოკუმენტებს გამოთხოვის ეტაპზეა.

„დანარჩენებს ეუბნებიან, რომ 10 მაისს დააბრუნებენ. 5 მაისს გასაჩივრების ვადა გადის. ატყუებენ, რომ არ იჩივლონ. სიტყვა ოპტიმიზაციის მნიშვნელობა არ იციან, დირექტორმა ადამიანები თავისი შეხედულებით გაუშვა. უნდა ჩატარებულიყო კონკურსი, ამ ადამიანების გამოცდილება უნდა შეესწავლა სპეციალურ კომისიას“, - ამბობს ადვოკატი.

რეორგანიზაციის გამო, "ახალციხის ციხიდან" შვიდი თანამშრომელი ხუთ აპრილს გაათავისუფლეს. დირექტორი განმარტავს, რომ გამართული და ეფექტური მუშაობისთვის სტრუქტურული ცვლილებები იყო საჭირო. დავით ტაბატაძის თქმით, არსებობდა რამდენიმე მსგავსი სამსახური, რომელიც გაერთიანდა.
| Print |