სამართალი
„ახალციხის ციხეში“ ჩემს განცხადებას არ იბარებდნენ“ - გათავისუფლებული თანამშრომლების ადვოკატი

 

„ახალციხის ციხიდან“ გათავისუფლებული სამი თანამშრომლის ადვოკატს, კომპლექსის ადმინისტრაციაში, უფროსის გარეშე წერილის ჩაბარებაზე უარი უთხრეს.

 

ირაკლი ბარძიმაძის თქმით, კანცელარიაში განუმარტეს, რომ ხელმძღვანელი დავით ტაბატაძე მალე მოვიდოდა და დაელაპარაკებოდა.

„დაურეკეს უფროსს და მთლიანი წერილი წაუკითხეს. მეუბნებიან, უფროსი მოვა და დაელაპარაკეო. უფროსთან რა საქმე მაქვს? დამელაპარაკოს სასამართლოში, ახლა უბრალოდ წერილი უნდა ჩაიბარონ“, - გვითხრა „ახალციხის ციხიდან“ გათავისუფლებული სამი თანამშრომლის უფლებადამცველმა, რომელმაც „მეცხრე არხს“ ადგილიდან დაურეკა.

სამსახურის უფროსთან დავით ტაბატაძესთან თანამშრომლის სატელეფონო საუბრის შემდეგ, კანცელარიაში წერილი ჩაიბარეს. ირაკლი ბარძიმაძის თქმით, ამისთვის მას დაახლოებით, 25 წუთი დასჭირდა, რასაც „ახალციხის ციხის“ დირექტორი უარყოფს.

„სტუმრებს ველოდებით დღეს, საჩუქრების მოსატანად ვიყავი გასული. ჩემს იურისტს ველაპარაკებოდი ტელეფონით, მაღაზიის კოორდინატები უნდა ჩაეწერა და მითხრა, რომ მოსულები არიან წერილის ჩასაბარებლადო. ვუთხარი ცოტა ხანს დაგელოდონ, ჯერ ესენი მოინიშნე, საჩქაროა მეთქი. ორი წუთი გავიდა სულ“, - გვითხრა დავით ტაბატაძემ.

ირაკლი ბარძიმაძემ ოპტიმიზაციის შესახებ დოკუმენტაცია დღესვე გამოითხოვა ახალციხის მერიიდანაც.

მისი თქმით, რამდენიმე ადვოკატმა გამოთქვა სურვილი, რომ „ახალციხის ციხის“ ყოფილი თანამშრომლების საქმეში უფასოდ ჩაერთვებიან.

ოპტიმიზაციის გამო, "ახალციხის ციხიდან" შვიდი თანამშრომელი ხუთ აპრილს გაათავისუფლეს. დირექტორი განმარტავს, რომ გამართული და ეფექტური მუშაობისთვის სტრუქტურული ცვლილებები იყო საჭირო. დავით ტაბატაძის თქმით, არსებობდა რამდენიმე მსგავსი სამსახური, რომელიც გაერთიანდა.
| Print |