სამ თვეში, სამცხე-ჯავახეთში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 83 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 894 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 48 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უწყების ინფორმაციით, სამ თვეში, სამცხე-ჯავახეთში სამართალდარღვევის 83 ფაქტი დაფიქსირდა.
"ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 316 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, 144 სამართალდარღვევა დაფიქსირდა იმერეთში, 122 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში - 90, სამცხე-ჯავახეთში - 83, შიდა ქართლში - 50, მცხეთა-მთიანეთში - 30, აჭარაში - 29, გურიაში - 12, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში კი, 10 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის პირველ სამ თვეში, თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2.100 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 129 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 19 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.