სამართალი
ბრალდებული მოსამართლეს პროკურატურასთან გარიგებაში ადანაშაულებს

ახალციხეში მოსამართლეს, პროკურატურასთან გარიგებაში ადანაშაულებენ. მუქარაში ბრალდებული ამბობს, რომ პროკურორი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დაჰპირდა და დანაშაული აღიარებინა, შემდეგ კი უარი უთხრა. გიორგი კეთილაძის თქმით, პროკურორთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით მტკიცებულებები უდავოდ ცნო, რაც საპროცესო შეთანხმების წინაპირობა უნდა ყოფილიყო.

სასამართლოში განხილვა დასკვნით ეტაპზე იყო გადასული, როდესაც საქმე მოსამართლე მაია ჯავახიშვილმა გადაიბარა. მან საქმის გამოკვლევა ხელახლა დაიწყო, თუმცა მტკიცებულებები უცვლელად დატოვა. სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა სადავო გახდეს მტკიცებულებები და მოსამართლემ ბრალდებულის პოზიცია მოისმინოს, ადვოკატმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც მოიშველია, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარემ მოსამართლის აცილება მოითხოვა, რადგან ფიქრობს, რომ მაია ჯავახიშვილს ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს. ადვოკატებს აქვთ ეჭვი, რომ მოსამართლე პროკურატურის დაკვეთას ასრულებს.

გამოძიება სსკ-ის 151-ე, მუქარის მუხლით მიმდინარეობს.
| Print |