საზოგადოება
განსხვავებული საახალწლო ტრადიციები მესხეთში
მუსლიმი მესხები, ეთნიკურად სომხები და ქართველები, ებრაელები და დუხაბორები - სამცხე-ჯავახეთში მათი საახალწლო ტრადიციები საუკუნეების მანძილზე ერთმანეთს ისე შეერწყა, რომ ხშირად იმის გარკვევაც უჭირთ, რომელ თემს რომელი წეს-ჩვეულება ეკუთვნის. ამის მიუხედავად, სამხრეთ საქართველოში თითოეულმა ეთნოსმა მაინც შემოინახა ტრადიცია, რაც დანარჩენებისგან განასხვავებს.

რეპატრირებული მესხები ისტორიულ სამშობლოს კუთხური საახალწლო ტრადიციებით დაუბრუნდნენ, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში დავიწყებას წლების წინ მიეცა. სამხრეთ საქართველოში დაბრუნებულები ამბობენ, რომ შუა აზიაში ამ რიტუალებს მხოლოდ ისინი ასრულებდნენ.

ორი ათეული წლის წინ ახალციხეში დაბრუნებული ხუციშვილების ოჯახში, ნაძვის ხეს აწყობენ. მუსლიმი მესხების სუფრაზე ალკოჰოლურ სასმელს ვერ ნახავთ, სამაგიეროდ ხუციშვილები სტუმრებს ტკბილი წვენით უმასპინძლდებიან. საახალწლო სუფრზე ქართული კერძების გარდა, უზბეკური ფლავი და აზიური მანტი აქვთ. მათი საახალწლო ტრადიციები ძირითადად, ოჯახის ბარაქას უკავშირდება.
„ბებია-პაპასგან გადმოცემით ვიცი, რომ მცირე აზიაში გადასახლებულ მუსლიმ ქართველებს ადგილობრივებისგან განსხვავებული ტრადიციები ჰქონდათ. გამაგითად, ხალიჩაზე სიმინდის მოპნევა, რაც ბარაქის სიმბოლოა“, - გვიყვება ზაიდა ხუციშვილი.

საუბარში ზაიდას უმცროსი და აიდა ერთვება და კიდევ ერთ ტრადიციას იხსენებს. „გადასახლებაში მყოფ მესხებს ახალი წლის ღამეს სახლში შემოჰყავდათ ხბო ან ბატკანი. ესეც ბარაქის ნიშანი იყო, რომ ოჯახს ნამატი ჰქონოდა.“ - ამბობს აიდა ხუციშვილი.



მანჯალელუია - ახალციხეში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაში ახალი წელი ამ რიტუალის გარეშე არასდროს დამდგარა. ბავშვები 31 დეკემბერს ქუჩაში მანჯალელუიას შეძახილით დადიან და ყველა კარზე აკაკუნებენ. მასპინძელმა მათ ხილი და ტკბილეული უნდა დაურიგოს.
„სიტყვა მანჯალელუია ნიშნავს მუნჯად ვეგეგებით ღმერთს და ვეუბნებით უფალო შეგვიწყალე. დეკემბერი არის თვე, როცა ყველა ოჯახს თავისი მოსავალი აღებული აქვს. ამიტომ ვისაც რისი საშუალება აქვს სხვას უნდა აჩუქოს. მანჯალელუიაც ამას ნიშნავს“ - ამბობს თინა აკოფიანი და ტკბილეულს ათამდე ბავშვს ურიგებს.



ღორის ბარკალი, სამი სახის - კომბოსტოს, ვაზის ფოთლებისა და ღერღილის ტოლმა, სუჯუხი, ბასტურმა და სომხური კონიაკი - სომხურ ოჯახში საახალწლო სუფრა ამ კერძების გარეშე წარმოუდგენელია. კიდევ ერთი ტრადიცია, ახალ წლამდე ერთი თვით ადრე სუჯუხის მოზადებაა. საახალწლო სამზადისში ეს ყველაზე შრომატევადი საქმეა.



ოფელია ბაგდასარიანი დაფქულ და შეზავებულ ხორცს საქონლის ნაწლავში ტენის და ჩრდილში აშრობს. ყოველდღიურად სუჯუხს უხლავით გაბრტყელება სჭირდება. ტრადიციული კერძის მომზადებაში, ოჯახის ქართველი რძალიც ერთვება. ოფელია ბაგდასარიანი კიდევ ერთ საახალწლო ტრადიციას იხსენებს. „რომელ ოჯახსაც ახალი რძალი ჰყავს, იქ საჩუქრით მიდის მელიის ფორმაში გამოწყობილი ნათესავი ბიჭი. ოჯახი მზად უნდა დახვდეს, სავსე მაგიდით.“



ებრაულ სამყაროში ახლა 5779 წელია. ახალი წელი, ანუ როშ ჰაშანა ახალციხელ ებრაელებთან 10 სექტემბერს დადგა. მიუხედავად ამისა, ისინი პირველ იანვარსაც აღნიშნავენ. თუ ახალ წელს ებრაულ ოჯახში მოხვდით, სუფრაზე მარილის ძებნას ნუ დაიწყებთ. სამაგიეროდ აუცილებლად უნდა მიირთვათ ბროწეული და თაფლი, როგორც დღეგრძელობის და სიტკბოების სიმბოლო.
შანტობა, ანუ ტკბილი წელი - ასე ულოცავენ მესხები ახალციხელ ებრაელებს ახალი წლის შემობრძანებას.

„როცა ებრაული ახალი წელია, აუცილებელია სინაგოგაში მოსვლა, სანთლების ანთება, ლოცვების რიტუალია ჩასატარებელი. ვინც იცის, როდისაა ჩვენი ახალი წელი, მოდიან და გვილოცავენ. პირველ იანვარს ჩვენ მივდივართ და ვულოცავთ“ - ამბობს სიმონ ლევიშვილი, ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე ახალციხეში.



„ასე ტკბილად დამიბერდით“
- ამ ფრაზით დგება ახალი წელი კვინცხაძეეთან. თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ოჯახის უფროსი ყველას თაფლს აჭმევს, რაც მთელი წლის ტკბილად გატარების სიმბოლოა. ადგილობრივი მესხები ახალ წელს ტრადიციულ კერძებს ამზადებენ და უძველეს საახალწლო რიტუალებს ასრულებენ.
„ძველად სასურველი იყო, რომ ახალი წლის ღამეს პაპა და შვილიშვილი სახლში ერთად შემოსულიყვნენ. პაპა წარმავალია, შვილიშვილი მომავალი. თუ ორივენი შემოვიდოდნენ ოჯახში, იმ წელს სახლი აივსებოდა ხვავით და ბარაქით. სუფრაზე კერძებთან ერთად იდო ხარის რქის ყანწი. სასურველი იყო ოჯახის სტუმარს ან მეკვლეს ამით დაელოცა ოჯახი“, - ძველ მესხურ ტრადიციებს იხსენებს ვასილ კვინცხაძე.



წინასაახალწლო სამზადისი თითქმის დაასრულეს ჯავახეთში მცხოვრებმა დუხაბორებმა. ნინოწმინდაში შემორჩენილი რამდენიმე ათეულ ოჯახში ახალი წლისთვის მაგიდას მოქარგულ სუფრას გადააფარებენ, ზედ ქართულ და რუსულ ტრადიციულ კერძებს დაალაგებენ და 2019 წლის დადგომას დაელოდებიან.



განსხვავებული რელიგიური მრწამსის, ეთნიკური წარმომავლობისა და ტრადიციების მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის ახალი, 2019 წელი უკეთესი ცხოვრების იმედთან და სურვილების ასრულებასთან ასოცირდება.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.