საზოგადოება
ცოდვებით დამძიმებული დედამიწიდან შორს - მფრინავები სამცხე-ჯავახეთიდან

ბავშვობაში ბევრი პატარა მფრინავობაზე ოცნებობს. ასაკთან ერთად ინტერესები იცვლება, მაგრამ ვისაც ცა ჯიუტად იზიდავს, რთულ გზას გადის და მაინც ჯდება შტურვალთან.

 

სამცხე-ჯავახეთიდან ერთი ბიჭი სამხედრო, მეორე კი სამოქალაქო თვითმფრინავის მფრინავი გახდა. ერთმა საბედისწერო რეისი აფრიკაში შეასრულა, მეორემ საქართველოში. ამის მიუხედავად გოგონა, რომელიც საავიაციო უნივერსიტეტში მენეჯმენტს სწავლობს, ფიქრობს, რომ ოცნებას აიხდენს და ერთ დღეს, თვითმფრინავის საჭეს მიუჯდება.

29 წლის პილოტი გიორგი ლონდარიძე 2007 წელს საბრძოლო დავალებას ასრულებდა. იმ დროისთვის გამოცდილი მფრინავი MI-24 ტიპის შვეულმფრენს, ეგრედწოდებულ „კრაკადილს“ მართავდა. მარტის არეული ამინდი იყო. გაფრენამდე მეუღლეს ესაუბრა. მერე კავშირი შეწყდა.


გიორგი ლონდარიძე დასთან ერთად

რა გახდა ბაზალეთის ტბასთან სამხედრო შვეულმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, რომელსაც სამი მფრინავის სიცოცხლე შეეწირა, გიორგი ლონდარიძის ოჯახისთვის უცნობია. სამხედრო მფრინავის და იხსენებს, რომ ორი მცირეწლოვანის მამამ პილოტობა მაშინ გადაწყიტა, როცა ჯარში გაიწვიეს.

„გმირული სულისკვეთება ყოველთვის ჰქონდა. უნდოდა ქვეყანას გამოსდგომოდა და მართლა ასე გმირულად შეწირა თავი. ბავშვობიდან გმირი იყო, თავადაც პატარა ბიჭუნას სიცოცხლე გადაარჩინა. ძალიან ნიჭიერი პიროვნება იყო, საუკეთესოდ იცოდა ინგლისური და რუსული ენები, სპორტსმენი იყო, სულ ვარჯიშობდა, აღნაგობითაც ყოველთვის გამოირჩეოდა“, - გვიყვება თამარი.

როცა პატარა ბიჭი გადაარჩინა, თავადაც პატარა იყო. მიხვდა, რომ აუზში ჩავარდნილი მეგობარი უფროსების მოსვლამდე დაიხრჩობოდა და წყლიდან ამოიყვანა. თამარი ამბობს, რომ სამხედრო სამსახურიც სხვებზე ზრუნვის გამო აირჩია და ყოველ დილით ფორმას ამაყად იცვამდა. ქართულ სამხედრო საჰაერო ძალებს გიორგი 11 წლის განმავლობაში ემსახურა. 

ასპინძელი გიორგი ლონდარიძის ისტორია, ალბათ, იცოდა ახალციხელმა სულიკო ცუცქირიძემ. სკოლაში „პროფესორას“ ზედმეტსახელით ცნობილი ბიჭი ექიმობისთვის ემზადებოდა, მაგრამ პილოტი გახდა. მშობლებისთვის მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. თუმცა, ბავშვობიდან რუკებით დაინტერესებული სულიკო სამედიცინოზე ჩაბარებას მხოლოდ მათი ხათრით რომ აპირებდა, იცოდნენ.

„კარგად მახსოვს ის ღამე, დილის ექვს საათზე, როდესაც ყველა -დაძაბული და შეშინებული ჩარიცხვის ამბავს ველოდებოდით. საბოლოოდ ამოვიკითხეთ, რომ სულიკომ სამედიცინოზე კი არა, საავიაციო ფაკულტეტზე ჩააბარა. მამამისის სახე არასოდეს დამავიწყდება , სახეზე ყველანაირი გრძნობა ერთდროულად დაეტყო - დაბნეულობა, სიხარული, გაბრწყინება და სიამაყე“, - იხსენებს სულიკოს დედა ლალი სირაძე.



ბავშობაში სულიკო მამასთან და ძმასთან ერთად, რუკებს იატაკზე შლიდა და თითოეულ ქვეყანას განიხილავდა. ამიტომაც ოცნებობდა საერთაშორისო რეისებზე.

„დროთა განმავლობაში შევეგუე აზრს, რომ ჩემი შვილი ყოველთვის სხვა ქვეყანაში იქნებოდა, ერთადერთი რამ, რასაც ღმერთს ყოველთვის ვთხოვდი, ჩემი შვილის მშვიდობით ფრენა იყო. თანახმა ვიყავი ყოფილიყო ჩემგან შორს, ოღონდ უსაფრთხოდ“, - ამბობს ლალი სირაძე.

„აირზენა-საქართველოს ავიახაზების“ შეთავაზებით სულიკო სამუშაოდ აფრიკაში წავიდა, დედისგან შორს, მაგრამ არა უსაფრთხოდ. 2011 წლის აპრილში „აირზენას“ კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც გაეროს მისიას ემსახურებოდა, კონგოში კატასტროფა განიცადა.


სულიკო ცუცქირიძე 

ფიქრია ცუცქირიძე სულიკოს ბიძაშვილია. მფრინავობა მის გამო გადაწყვიტა. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი, საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტს, საოცნებო პროფესიის გზაზე გარდამავალ ეტაპად მიიჩნევს.
„როდესაც ვხედავდი სულიკო როგორ აღწევდა წარმატებას, ერთი ქვეყნიდან მეორეში დაფრინავდა, გამიჩნდა სურვილი, რომ მეც მეფრინა. ვფიქრობ,რომ სტუდენტი, რომელიც ამ პროფესიას აირჩევს გაანალიზებული უნდა ჰქონდეს ის სირთულეები და დაბრკოლებები, რაც ამ სფეროს ახლავს, მაგრამ არ უნდა დაუშვა, შიშმა გადაგაფიქრებინოს და უარი გათქმევინოს პროფესიაზე“, - გვეუბნება ფიქრია.


ფიქრია ცუცქირიძე

ფრენის მიმართ ფიქრიას ინტერესს ბავშვობის გატაცებად მიიჩნევდნენ მისი მშობლები. როცა მიხვდნენ, ინტერესი სერიოზული იყო, ოჯახში გადატანილი ტრაგედიის მიუხედავად, შვილის არჩევანს მხარი დაუჭირეს. ფიქრიამ, დიდი სურვილის მიუხედავად, მიზეზთა გამო საფრენოსნო ფაკულტეტზე ვერ ჩააბარა, თუმცა დარწმუნებულია, ბავშობის ნატვრას აისრულებს.

ოცნების გზაზე ყველაზე მეტად სულიკოს დედა გულშემატკივრობს. ლელა სირაძემ ფიქრიას საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსისა და გრანტის მოპოვება საჯაროდ, სოციალურ ქსელში მიულოცა. მფრინავის პროფესიისადმი ასეთ დამოკიდებულებას სულიკოს დედა თავისი შვილისა და მეგობრის მიმოწერით ხსნის: „ერთხელ სულიკოს ჰკითხა, არ გეშინია ცაში რომ ხარო? ჩემს შვილს უპასუხია, მე არაფრის მეშინია, რადგან როცა დავფრინავ, ღმერთთან ახლოს ვარ. თქვენ იკითხეთ, ცოდვებით დამძიმებულ დედამიწაზე რომ ცხოვრობთო“.

12 აპრილს ავიაციისა და კოსმონავტიკის საერთაშორისო დღე აღინიშნება. რამდენიმე ადამიანმა სამცხე-ჯავახეთისთვის ეს თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა.
| Print |