საზოგადოება
„სიკეთე გადამდებია“ - ვარხნის სკოლის მოსწავლეების საქველმოქმედო აქცია
სოფელ აბასთუმანში მცხოვრებ ტუფურიების ოჯახს, სადაც ოთხი მცირეწლოვანი იზრდება, ახალი ტანსაცმელი და საკვები აქვს. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხნის მოსახლეობამ და საჯარო სკოლამ, შეჭირვებული ოჯახისთვის ტანსაცმელი, საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები შეაგროვა.  

"სიკეთე გადამდებია" აქციის ფარგლებში შეგროვებული ნივთები ტუფურიებს 15-მა პირველკლასელმა მიუტანა. ინიციატივა კლასის დამრიგებელს ეკუთვნის.

„ქველმოქმედებაში არა მხოლოდ ჩემი კლასი, არამედ მთელი სკოლა ჩაერთო. ვისაც რა ჰქონდა მოიტანა - ტანსაცმელი და კვერცხიც კი. ფულიც შევაგროვეთ და წიგნები, რვეულები, სათამაშოები ფქვილი, ზეთი, ბურღულეული, შაქარი მივუტანეთ. აქციის მიზანი იყო, რომ ბავშვებს ესწავლათ სიკეთის კეთება. შეჭირვებულ ადამიანებს დაეხმარონ, გაახარონ ბავშვები“, - ამბობს ვარხნის სოლის მასწავლებელი. მადონა ბაღდოშვილმა საქველმოქმედო აქციაში ბენარის და სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლა გამოიწვია.

ტუფურიების შეჭირვებულ ოჯახზე მასალა „მეცხრე არხმა“ 7 თებერვალს მოამზადა. მასალის გამოქვეყნების შემდეგ, მცირეწლოვნების დახმარების სურვილი არაერთმა ადამიანმა გამოთქვა.



| Print |