საზოგადოება
ახალციხელების ონკანებში მღვრიე და შეფერილი წყალი მოდის
ახალციხეში ამინდთან ერთად, სასმელი წყლის ფერიც შეიცვალა. რამდენიმე დღეა ადგილობრივების ონკანებში მღვრიე წყალი მოდის. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ ირწმუნებიან, რომ წყალი სასმელად ვარგისია, ადგილობრივები კი კომპანიის პასუხს ეჭვის თვალით უყურებენ და წყალს მხოლოდ ტექნიკური დანიშნულებით იყენებენ.

ზარზმელის ქუჩაზე, ლომიძეებთან მღვრიე წყალი მოდის. ოთხსულიანი ოჯახი მეხუთე დღეა სასმელ წყალს ყიდულობს.

„ყვითელი შეფერილობა აქვს. იმდენად ცუდი ფერისაა, რომ იცოდე ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, მაინც ვერ დალევ. ეს დღეები იძულებულები ვართ, წყალი მაღაზიაში ვიყიდოთ“, - ამბობს ლევან ლომიძე.

შემღვრეული წყალი მოდის ახალციხეში, რუსთაველისა და თამარაშვილის ქუჩებზე.

„ყოველ გაზაფხულს ასეა. მთელ ქალაქში იმღვრევა წყალი. ველოდებით როდის გამოვა ამინდი, რომ წყლის ხარისხიც გამოსწორდეს“, - ამბობენ ადგილობრივები.

მოსახლეობას „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ ამშვიდებენ, რომ მღვრიე წყალი სასმელად ვარგისია და ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

„თოვლი დნება და ამის გამოა შემღვრეული. გაფილტვრით წყალს ფერი არ ეცვლება. დანარჩენი დარღვევები არ აღმოჩენილა. კვირაში ორჯერ მოწმდება წყალი, მაგრამ ამ პერიოდში დილა-საღამოს ვატარებთ ანალიზებს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოგვმართოს, მივალთ და ავიღებთ წყლის სინჯს. რუსთაველის და თაყაიშვილის ქუჩებზე ისედაც ვამოწმებდით. თქვენი ზარის შემდეგ, თამარაშვილზეც გავიდა ჯგუფი და აიღო სინჯი“, - ამბობს რეგიონული ოფისის მენეჯერი ბესიკ ფილაური.

ქალაქის დაახლოებით, 20 000-მდე მოქალაქე სასმელი წყლით ურავლის ხეობიდან მარაგდება. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ლაბორატორიაში ამბობენ, რომ წყალს რამდენიმე მიმართულებით იკვლევენ. ირინა ჯვარიძე ლაბორანტია. ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე წყლის სინჯებს თავად იღებს. ამბობს, რომ სასმელი წყალი მიკრობიოლოგიურად და ქიმიურად ყოველდღიურად კონტროლდება, მისი ხარისხი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს შეესაბამება.

„ბაქტერიოლოგიური მონაცემები კეთილსაიმედოა. წყლის ფერი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. სათავე ნაგებობაზე სასმელი წყლის თხევადი ქლორით გაუსნებოვნება 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს“, - ამბობს ირინა ჯვარიძე.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ ამბობენ, რომ თოვლის დნობასთან ერთად, წყლის ხარისხის კონტროლი, საბავშვო ბაღებში გამკაცრდა. დღეში რამდენჯერმე ხდება ქლორის შემცველობაზე კვლევა.

ხარისხსიანი სასმელი წყლის მიწოდებაზე პასუხისმგებელი უწყება მოსახლეობას აიმედებს, რომ წყალს შეფერილობა თოვლის დნობისა და წვიმიანი ამინდების დასრულების შემდეგ აღარ ექნება.
| Print |