საპროტესტო აქცია პარლამენტთან და გადადებული სხდომა
პარლამენტის შენობის წინ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები არიან.
მოძრაობის ორგანიზატორების განცხადებით, ხალხის მობილიზებაა საჭირო, რომ მმართველმა გუნდმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებაზე უარი არ თქვას.
აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
„მათთან შეთანხმებით გთავაზობთ, რომ კენჭისყრა გადავდოთ ხვალისთვის, ვინაიდან ჯერ კიდევ რჩება აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით და ვფიქრობ, ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება, რომ დღეს კენჭისყრა რისკის ქვეშ არ დადგეს.
უმრავლესობის ლიდერს ვთხოვ ხვალისთვის გააკეთოს მობილიზაცია, ხვალ გვექნება კენჭისყრა ამ საკითხზე, სხდომას დავიწყებთ ამ საკითხით, მანამდე უმრავლესობის სხდომა არის მოთხოვნილი და გვეცოდინება უკვე განახლებული ინფორმაცია,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კონსულტაციები არჩილ თალაკვაძეს გია ვოლსკისთან, მამუკა მდინარაძესთან, ირმა ინაშვილთან, სერგი კაპანაძესთან და რომან გოცირიძესთან ჰქონდა.