საზოგადოება
ხვალიდან ხმაურის ნორმის დარღვევისთვის დაჯარიმდებით
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო, გაზრდილი ჯარიმები ძალაში მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან შევა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძე აღნიშნავს, ჯარიმის აქამდე დადგენილი ოდენობები დარღვევის პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა და უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა.

ცვლილებების მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 1 500 ლარის ოდენობით.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში 500 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 5 000 ლარი. იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 10 000 ლარის ოდენობით.

„დღემდე დადგენილი სანქციები არ შეესაბამებოდა დარღვევის იმ შინაარსს, რაც რეალურად ხდება, შესაბამისად, ჯარიმის დადგენილი ოდენობები ვერ უზრუნველყოფდა დარღვევის პრევენციას და უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნულის გათვალისწინებით ჩვენ კანონპროექტი მოვამზადეთ, პარლამენტს წარვუდგინეთ და უკვე მიღებულია კანონი, რომელიც 14 დეკემბრიდან ამოქმედდება“, - განაცხადა კალაძემ.
| Print |