საზოგადოება
ცნობილია გზები, სადაც ზამთრის საბურავების გარეშე ვერ იმოძრავებთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.

ცვლილებების თანახმად, 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.

ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

აღსანიშნავია, რომ თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილება, ასევე პირს შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნულ მახასიათებლებთან მათი შესაბამისობის დადგენის წესი, მთავრობამ დადგენილებით უკვე დაამტკიცა.

ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.
  • საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);
  • საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;
  • საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა,
  • ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო - ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

რაც შეეხება, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვს, ის უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.

მთავრობამ უკვე დაამტკიცა და გამოაქვეყნა დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით. გთავაზობთ ჩამონათვალს:

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები:

  • თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) - მონაკვეთი ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძი რიკოთის გვირაბი-წევა;
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) - მონაკვეთი მლეთა-კობი;
  • ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) - მონაკვეთი დმანისის გადასახვევი- გუგუთი;
  • ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) - მონაკვეთი ქვიშხეთი-ვალე;
  • თბილისის შემოსავლელი - მონაკვეთი ზაჰესი-რუსთავი;
  • ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) - მონაკვეთი ახალციხე- საზღვარი;
  • ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) - მონაკვეთი ახალქალაქი- საზღვარი.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები:

  • ბათუმი (ანგისა)-ახალციხე - მონაკვეთი ქედა-ახალციხე;
  • საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი - მონაკვეთი ნასაკირალის უღელტეხილი-ოზურგეთი;
  • ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი - მონაკვეთი ჯვარი-ლასდილი;
  • ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა - მონაკვეთი წყალთაშუა-საირმე;
  • ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი - მონაკვეთი ძეძილეთი-მელე;
  • ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) - მონაკვეთი ჟონეთი- ამბროლაური;
  • ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური - მონაკვეთი ორპირი-ტყიბული
  • ტყიბული (ნაქერალა)-ამბროლაური;
  • ალპანა-ცაგერი - მონაკვეთი ალპანა-ცაგერი;
  • ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბული - მონაკვეთი ძევრი-ტყიბული;
  • ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი - მონაკვეთი ბორჯომი- ახალქალაქი;
  • ახალქალაქის შემოსავლელი - მონაკვეთი ახალქალაქი;
  • გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი - მონაკვეთი გომი (სოფ. ვაყა)-საჩხერეჭიათურა-ზესტაფონი;
  • ჟინვალი-ბარისახო-შატილი - მონაკვეთი ჟინვალი-ბისო;
  • თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი - მონაკვეთი თიანეთი-ჟინვალი;
  • თბილისი (გლდანი)-თიანეთი - მონაკვეთი თბილისი-თიანეთი;
  • კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა - მონაკვეთი ფარცხისი (თეთრიწყაროს გადასახვევი)- ნინოწმინდა;
  • მარნეული-თეთრიწყარო-წალკა - მონაკვეთი თეთრიწყარო-წალკა;
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისი - მონაკვეთი თბილისი (პანტიანი)-მანგლისი;
  • ვაზიანი-გომბორი-თელავი - მონაკვეთი სასადილო-თელავი;
  • თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორი - მონაკვეთი თიანეთი-ახმეტა;
  • დაბა ბაკურიანის წრიული - მთლიანად წრიული;
  • დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი - სრულად;
  • ჩოხატაური-ბახმარო - სრულად;
  • ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთი - მონაკვეთი ნიჩბისი-დიდი თონეთი;
  • საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალი - მონაკვეთი საჩხერე (უზუნთა)-ზუდალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.
| Print |