საზოგადოება
ვინ ისარგებლებს მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების პროგრამით?
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი პროგრამისა და დადგენილების მიხედვით, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.

პროგრამის საერთო ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს და მისი მიზანია, რომ სოციალურად დაუცველი და უსახლკარო, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეიქმნას ღირსეული საცხოვრებელი პირობები.

დადგენილების მიხედვით, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი, სადაც 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვია და ოჯახის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

პროგრამით სარგებლობა კი იმ ოჯახებს შეუძლიათ, რომელთ არც ერთი წევრი არ არის რეგისტრირებული დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთ, ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ პროგრამაში ჩართვის მსურველს, უკვე არ უნდა ჰქონდეს მიღებული საცხოვრებელი ფართი, ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად.

ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შმდეგ, ოჯახთა განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს, ხოლო პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოჯახების განსახლება მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.
| Print |