საზოგადოება
ახალციხის მუნიციპალიტეტმა 18 ახალი ავტობუსი მიიღო

ახალციხის მუნიციპალიტეტს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს. ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტით. EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

„ეს უმნიშვნელოვანესი სიახლეა მუნიციპალიტეტისათვის, რომელიც საარჩევნო დაპირება იყო და ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით და მხარდაჭერით შესრულდა. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მთლიანად მოგვარდება და მოქალაქეები უახლოეს ხანში სწრაფად და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ქალაქ ახალციხეში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში“ -განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა.

პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას და შემდგომ განვითარებას, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსით განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 38 მუნიციპალიტეტისთვის „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსები იქნა შეძენილი.
ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალურ ტრანსპორტს“ თორნიკე ხმალაძე ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ავტობუსების ნაწილი სავარაუდოდ მარტიდან დაიწყებს მუშაობას.

2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისთვის 2 650 200 ლარია გამოყოფილი,მათ შორის ა(ა)იპ–ის ფუნქციონირებისთვის 604 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო 2 046 000 ლარი კი ავტობუსების მრავალწლიანი შესყიდვისთვის.
| Print |