საზოგადოება
,,კუკუშკა" უფუნქციო ვაგონებით და გაურკვეველი ბედით
ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა, ე.წ. „კუკუშკა“ ისევ გაჩერებულია. დამსვენებლების მოლოდინი, რომ მატარებელი ზამთრის ტურისტულ სეზონზე მაინც ამუშავდებოდა, უშედეგო აღმოჩნდა. „საქართველოს რკინიგზაში“ ამბობენ, რომ სარკინიგზო ხაზი სარეაბილიტაციოა, თუმცა ხელისუფლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციას არ ჩქარობს.

ბორჯომ-ბაკურიანის სავიზიტო ბარათის ამუშავებას ადგილობრივები და დამსვენებლები მეოთხე წელია უშედეგოდ ელიან. „კუკუშკას“ ერთ ვაგონს ახლა მხოლოდ რკინიგზის თანამშრომლები გადაჰყავს, რომლებიც 37 კმ-იან სარკინიგზო მონაკვეთზე დაზიანებების შეკეთებას ცდილობენ. ტექნიკური პერსონალი ამბობს, რომ ელმავალი, ვაგონები და ლიანდაგი სიძველისგან იმდენად დაზიანებულია, რომ მსურველებისთვის „კუკუშკით“ მგზავრობა უსაფრთხო არ არის. თანამშრომლების თქმით, რეაბილიტაციის დაპირება არაერთხელ მიიღეს, თუმცა საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია.

ვაგონები, რომლითაც ელმავალს მგზავრები გადაჰყავდა, წლებია სადგურში დგას. სარკინიგზო ხაზით მხოლოდ დამსვენებლები არ სარგებლობდნენ, „კუკუშკა“ ბორჯომის ხეობის ექვსი სოფლის მოსახლეობისთვის ცენტრთან დასაკავშირებელი იაფი და ხელმისაწვდომი საშუალება იყო. ვიწროლიანდაგიან რკინიგზას ყოველწლიურად, ათობით ათასი მგზავრი გადაჰყავდა.

მე-19 საუკუნის ბოლოს აგებულ სარკინიგზო ხაზს, სადგურებს, გუსტავ ეიფელის დაპროექტებულ ხიდსა და ელმავალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ამის მიუხედავად, მათი რეაბილიტაცია პრიორიტეტულ პროექტებში ამ დრომდე ვერ მოხვდა. ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო გაჩერდა. საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ პანდემიის დასრულებამდე მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოების საკითხიც დადგა.
სამგზავრო ვაგონისა და ელმავლების გარდა, რეაბილიტაციას საჭიროებს ლიანდაგი, ხელოვნური ნაგებობები, სადგური, საკონტაქტო ქსელი და მოძრავი შემადგენლობა. წინასწარი დათვლით, სარემონტო სამუშაოებს სჭირდება დაახლოებით 90 მლნ ლარი. ამ თანხაში არ შედის სარელსო/სამშენებლო ტექნიკის საფასური. ამ ეტაპზე კომპანიაში ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის საკმარისი თანხები არ არსებობს. ამ ეტაპზე თანხების სხვა წყაროებიდან მოძიება არ განიხილება.

რა ბედი ელის ბორჯომ-ბაკურიანის სავიზიტო ბარათს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, როდის ჩაითვლება მისი რეაბილიტაცია პრიორიტეტად - საქართველოს რკინიგზაში დამატებით კითხვებს აღარ უპასუხეს. ამასობაში კი უფუნქციო ვაგონები და ლიანდაგი სულ უფრო ზიანდება.
| Print |