საზოგადოება
,,ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი თამაშდამოკიდებულია"
„თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია (ეს კი 560 ათას ადამიანზე მეტია), რაც ნორმიდან 6-7-ჯერ გადახვევაა, რადგან ნორმა 2-დან 2.5% - მდე მერყეობს,” - ამის შესახებ UNICEF-ის ექსპერტმა, „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელმა“ გუგა ბესელიამ განაცხადა.

როგორც მან რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ეს არ არის ოფიციალური მონაცემები და მხოლოდ კვლევიდან გამომდინარე გონივრული ეჭვის საფუძველია.

„საქართველოს მოსახლეობის 15% თამაშდამოკიდებულია. სტატისტიკის წარმოება ამ მიმართულებით ოფიციალურად და დოკუმენტალურად არ ხდება. ეს არის კვლევიდან გამომდინარე გონივრული ეჭვის საფუძველი. თუნდაც ის ფაქტი, რომ 2022 წელს (2023 წლის მონაცემები შემოდგომაზე გახდება ცნობილი) სათამაშო ბიზნესს 52 მლნ-იანი ბრუნვა ჰქონდა, რა თქმა უნდა, საგანგაშოა და ესეც ერთ-ერთი ინდიკატორი და მანიშნებელია, რომ გემბლინგში მოსახლეობის დიდი ნაწილია ჩართული.

ამ საკითხის კიდევ უფრო გამწვავებას ის უწყობს ხელს, რომ ცნობიერების პრობლემა დგას ქვეყანაში. საზოგადოებაში თამაშდამოკიდებული ადამიანი აღიქმება ცუდ ადამიანად და არა დაავადებულად. შესაბამისად, ეს კლიშე, რასაც საზოგადოება აწებებს ამ ადამიანს - უფრო დიდხანს ტოვებს მას თამაშდამოკიდებულების პრობლემაში, ვინაიდან არცერთ ადამიანს არ აქვს სურვილი დროულად მოახდინოს რეაგირება და საზოგადოებას ჯანსაღ პიროვნებად დაუბრუნდეს.

ასეთი მიდგომებით კი წლიდან წლამდე კიდევ უფრო მძიმდება სოციალური ფონი და თამაშდამოკიდებულთა რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. გამოჯანმრთელების მიმღები ადამიანების რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მათი, ვინც თამაშდამოკიდებულთა რიცხვს ემატება,“
- აღნიშნა ბესელიამ.
| Print |