საზოგადოება
ობსერვატორიის ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომლებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს
აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებმა და მათი ოჯახის წევრებმა დღეს, 29 თებერვალს, მორიგი აქცია გამართეს. ამჯერად ისინი ეკონომიკის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებლებში ცხოვრებასთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეებმა 16 თებერვალს, წერილი პრემიერ- მინისტრის სახელზე შეიტანეს, ხოლო რამდენიმე დღეში გადაიგზავნა სხვადასხვა უწყებებში.

აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებმა და მათი ოჯახის წევრებმა აქცია 15 თებერვალსაც გამართეს. ისინი პროტესტის მთავარ მიზეზად ასახელებდნენ იმ ფაქტს, რომ თავად და თავიანთი ოჯახის წევრებს აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე, საკუთარ საცხოვრებლებში არ უშვებენ.

შეზღუდვის თავდაპირველი საბაბი „მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები“ იყო, რომელიც 2023 წლის მაისში დაიწყო და მხოლოდ და მხოლოდ სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ბინებში შესვლა თავდაპირველად პანდემიის, შემდგომ კი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების საფუძვლით შეუზღუდეს.

საუბარია საცხოვრებელ კორპუსებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში დაარსებული ობსერვატორიის ტერიტორიაზე დგას. დაწესებულების თანამშრომელთა პირველმა თაობებმა ცხოვრების ათწლეულები ამ ბინებში გაატარეს და იქვე გაიზარდნენ მათი შვილებიც.

ძველი თანამშრომლებიდან ზოგიერთი ახლაც ამ ბინებში ცხოვრობს. პირველი თაობის წარმომადგენელთა შვილები და შვილიშვილები დასახლებაში ხშირად ჩადიან და ახალ წელს თუ საზაფხულო არდადეგებსაც იქ ატარებენ.

თუმცა ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ ტერიტორიაზე შესვლა მეტად გართულდა. იქ მცხოვრები თანამშრომლების ოჯახის წევრებმა კი არ იციან, ოდესმე კვლავ შეძლებენ თუ არა, დაუბრკოლებლად შევიდნენ ბინებში, რომლებთანაც მრავალი წელი და მოგონება აკავშირებთ.
| Print |