საზოგადოება
ახალციხეში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ავტომატური სადგური გაიხსნა
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქალაქ ახალციხეში ახალი ავტომატური სადგური დაემატა.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგურის შეძენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის - „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, ფარგლებში განხორციელდა. ახალი სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანა ლიბერგმა გახსნეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონიტორინგის ქსელის გაფართოების უზრუნველყოფისთვის, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„გარემოს ეროვნული სააგენტო, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოებას აგრძელებს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. დღეიდან, ჰაერის ხარისხის მონაცემების მიღებას ახალციხის სადგურიდანაც შევძლებთ. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, შევძლებთ შევასრულოთ საერთაშორისო ვალდებულებები, ამასთან მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჰაერის ხარისხის მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.
შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ და პროდუქტიულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება როგორც ჰაერის, ისე ზოგადად, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოში.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, ვითარდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, რომელიც მოიცავს როგორც მობილურ, ისე სტაციონარულ სადგურებს. შესაბამისად, იზრდება ჰაერის ხარისხის მონაცემებზე ხელმისაწვდომობა. ამასთან, მონაცემები ყველასთვის არის ღია და გამჭვირვალე. ჩვენ ქვეყნებს შორის კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა მეტი შედეგის მისაღწევად“, - განაცხადა ანნა ლიბერგმა.

ქვეყნის მასშტაბით უკვე არსებულ 7 ავტომატურ და 2 მობილურ სადგურს, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, 8 ავტომატური და 1 მობილური სადგური დაემატა. ახალი სადგურებიდან მიღებული მონაცემები, ეტაპობრივად, სააგენტოს პორტალზე www.air.gov.ge აისახება.
| Print |