საზოგადოება
3 მარტს დედის დღე აღინიშნება
3 მარტი „დედის დღედ“ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაწესდა. 3 მარტი დღესასწაულად იმჟამინდელმა უზენაესმა საბჭომ 1991 წელს გამოაცხადა. „დედის დღეს“ ქალთა საერთაშორისო დღე უნდა ჩაენაცვლებინა, რომელსაც საბჭოთა კავშირში აღნიშნავდნენ. თუმცა, საბოლოოდ საქართველოში დღესასწაულებად გამოცხადდა როგორც ,,დედის დღე" - 3 მარტი, ისე ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი.

დედის დღე პირველად ამერიკაში მე-20 საუკუნის დასაწყისში, მშვიდობის აქტივისტის, ანა ჯარვისის ძალისხმევით დაწესდა. მან კამპანია 1905 წლის 10 მაისიდან, საკუთარი დედის გარდაცვალების დღიდან დაიწყო და 1908 წელს მიაღწია იმას, რომ დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად იქნა აღიარებული. შემდგომში ანა ჯარვისი ამ დღის კომერციალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდა, რადგან მრავალმა კომპანიამ სერიოზული მოგება ნახა მისალოცი ბარათების, ყვავილების და სხვა საჩუქრების რეალიზაციით.

ანა ჯარვისი სასტიკად ბრაზობდა. ამბობდა, რომ დედის დღე უნდა ყოფილიყო ომში დაღუპული ჯარისკაცების დედების პატივის მისაგები და არა საჩუქრების ყიდვის დღე. მას უნდოდა, რომ ამ დღეს დედებს შვილებისგან ხელით ნაკეთი საჩუქრები და ხელნაწერი მისალოცი ბარათები მიეღოთ:

„ნაბეჭდი მისალოცი ბარათები იმის ნიშანია, რომ გეზარებათ მიწეროთ ქალს, რომელმაც ყველაზე დიდი რამ გაჩუქათ, ვიდრე მსოფლიოში სხვა ვინმემ. კონფეტები! ყიდულობთ მისთვის და მერე მთელ კოლოფს თავად მიირთმევთ!” - ამბობდა ის. 1923 წელს ის დაპატიმრებულიც კი იყო მშვიდობის დარღვევისთვის.

ანა ჯარვისი 87 წლის ასაკში მარტოხელა და უშვილო გარდაიცვალა. ჯარვისის დღესასწაული მალე სხვა ქვეყნებმაც დააწესეს და ახლა ის მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

| Print |