საზოგადოება
რა შემთხვევაში არ უნდა ენდონ მომხმარებლები ონლაინ ვაჭრობის გვერდებს
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რა შემთხვევაში არ უნდა ენდონ მომხმარებლები ონლაინ ვაჭრობის გვერდებს.

როგორც ლექვინაძემ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რეკომენდაციაა, რომ მომხმარებლები ნაკლებად ენდონ ისეთ ონლაინ გვერდებსა და სოციალურ ქსელებში ისეთი ტიპის შეთავაზებებს, სადაც მფლობელის იდენტიფიცირება არ ხდება. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლის მხრიდან თანხის გადახდის შემდეგ, ესა თუ ის კომპანია სერვისის მიწოდების გარეშე ქრება.

„ფეიქ“ გვერდების თემა პრობლემური საკითხია იმიტომ, რომ ისინი ძირითადად მხოლოდ სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში ჩნდებიან და რეგისტრირებულები არ არიან. პრაქტიკულად, შეიძლება სხვადასხვა ტიპის მომსახურებას ეწეოდნენ, მაგრამ გარკვეული თანხის გადარიცხვის შემდეგ, გაქრნენ.

სამწუხაროდ, პრევენციის მექანიზმი, ჩვენს ხელში არსებული ბერკეტი მხოლოდ ისაა, რომ ხშირად ვაფრთხილებთ მომხმარებლებს, ნაკლებად ენდონ ისეთი ტიპის გვერდებს და სოციალურ ქსელებში ისეთი ტიპის შემოთავაზებებს, სადაც მეწარმის, კონკრეტული გვერდის მფლობელის იდენტიფიცირება არ ხდება. თუ მისი იდენტიფიცირება არ ხდება, შემდეგ საქმის წარმოება ძალიან რთულია.

ჩვენ გვქონდა მაგალითები, როდესაც საქმე სცდებოდა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს და ადგილი ჰქონდა თაღლითობას, გაუჩინარებას, თანხის გადახდის შემდეგ სერვისის არმიწოდებას, კომპანიების გაქრობას. თუ საქმე ჩვენს კომპეტენციას სცილდება, ჩვენ მას, ბუნებრივია, შესაბამის უწყებებში ვაგზავნით. შემდეგ უკვე მათი სამოქმედოა. ასეთი სულ რამდენიმე შემთხვევა იყო. ჩვენი მხრიდან პრევენციის ზომები ისაა, რომ მომხმარებელი გავაფრთხილოთ, ნაკლებად ენდონ ინტერნეტ სივრცეში განსაკუთრებით ისეთ გვერდებს, რომელთაც არ აქვთ რეგისტრაცია, დასახელება, საიდენტიფიკაციო გვერდი და ა.შ. ან მაგალითად, თანხის გადახდას სთხოვენ კერძო პირის ანგარიშზე.

თუ იდენტიფიცირებადია და მეწარმე სუბიექტია, ასეთ შემთხვევაში საქმის წარმოება ჩვეულებრივ რეჟიმში ხდება, მაგრამ, თუ თაღლითობის ან სხვა ტიპის დანაშაულის ნიშნებია, ბუნებრივია, შესაბამის უწყებებთან ხდება მსგავსი ტიპის საქმეების გადაგზავნა. მახსენდება „დილსი“, რომელსაც ბევრი მომხმარებელი უჩივის როგორც არაკეთილსინდისიერ კომპანიას. გარდა იმისა, რომ დარღვევა დავუდგინეთ, დავაჯარიმეთ ეს კომპანია და საქმე გადავგზავნეთ შესაბამის სამსახურებში“
,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 65% ონლაინ ვაჭრობას უკავშირდება - საქმეების 70%-ზე პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება ფორმდება, რაც მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის უფლების აღდგენასა და სავაჭრო პოლიტიკის გასწორებას გულისხმობს, 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში სააგენტოში 715 განცხადება დაფიქსირდა - აღნიშნავს კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე. ირაკლი ლექვინაძემ ასევე განმარტა, რომ 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების შედეგად მომხმარებლების სარგებელი 500 ათას ლარზე მეტია.
| Print |