საზოგადოება
უდეში 16 ოჯახი ევაკუირებას საჭიროებს - გეოლოგების დასკვნა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის საინჟინრო-გეოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგები ცნობილია. დასკვნის ირკვევა, რომ სპეციალისტებმა, სტიქიის ზონაში მყოფი 24 მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი შეისწავლეს, მათგან 16 ოჯახი ევაკუირებას საჭიროებს.

სპეციალისტების მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, ე.წ. "პირდაპირების" დასახლებაში, სტიქიურად მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა წვიმის სახით და მაღალი ტემპერატურის პირობებში თოვლის ინტენსიურმა დნობამ, უდის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია.

ამ დროისათვის, საშიშ ზონაში მყოფი სამი ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია, კიდევ სამ ოჯახს მერია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას სთავაზობს, რაზეც მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც შეეხება დარჩენილ ორ ოჯახს, ისინი ამ ეტაპზე უარს აცხადებენ საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო ნაკვეთის დატოვებაზე. დარჩენილია რვა სახლი, თუმცა ყველა მათგანი უკვე დაკეტილია. 

დასკვნაში ასევე ვკითხულობთ: „მეწყრული პროცესების ამჟამინდელ არეალთან ყველაზე ახლოს 8 ოჯახი იმყოფება, თუმცა მათ საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებზე ახლად გააქტიურებული მეწყრის მიერ გამოწვეული დეფორმაციები დღეისთვის არ შეიმჩნევა“.

გეოლოგებმა აქტიურ მეწყრულ არეალში მდებარე სხვადასხვა ლოკაციებიც დაათვალიერეს, რასთან დაკავშირებითაც რეკომენდაციები გაიცა.
| Print |