საზოგადოება
რელიგიის სააგენტო არ მიესალმება ძალადობას
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სააგენტო განცხადებაში გმობს რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის. სააგენტო ასევე მოუწოდებს მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა არ გადავიდეს მრევლში.

„სააგენტოსთვის მიუღებელია ნებისმიერი მიზანმიმართული დესტრუქცია და გმობს რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის. სააგენტო არ მიესალმება ძალადობას და იმედოვნებს, რომ საკითხი უსწრაფესად დარეგულირდება. რელიგიისა და რწმენის თავისუფლება დაცულია საქართველოში და ამის ხმამაღლა აღიარება არაერთხელ მომხდარა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების რელიგიის საკითხებზე მომუშავე მაღალი რანგის პირების მიერ.

სააგენტო მხარეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და იმოქმედონ საქართველოს ინტერესების და კანონმდებლობის შესაბამისად. ამავდროულად, მოუწოდებს მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა არ გადავიდეს მრევლში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სისტემატური კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მისი რეგიონული კოორდინატორი აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ საკითხში. სააგენტო მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისაგან, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და იმოქმედონ სეკულარიზმის პრინციპების შესაბამისად.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დასაწყის ეტაპზევე აქტიურად იყო ჩართული ზემოხსენებული საკითხის დარეგულირებაში და მომავალშიც მზადაა იმოქმედოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა რელიგიური კონფესიის ინტერესების დასაცავად“
, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დაბა ადიგენში, კერძო პირის მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები 8 მარტს შეიკრიბნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი მიქელაძისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ხუთშაბათს, 7 მარტს, ადიგენის ორივე რელიგიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა ,,მეჩეთად არ გადააქცევდნენ“ და მუსლიმური ტრადიციის თანახმად ყოველ პარასკევს ლოცვას არ ჩაატარებდნენ.

შეთანხმების მიუხედავად, მართლმადიდებლებმა მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება, რომელსაც მოგვიანებით ადიგენის მერმა მიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

აღნშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს „საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა და სახალხო დამცველის ოფისმა.
| Print |