საზოგადოება
ახალქალაქის საბავშვო ბაღები 1-ლ მაისამდე დაიკეტა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღი 26 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით დაიკეტა. ინფორმაციას ახალქალაქის მედიაგამოცემა Jnews ავრცელებს. კარანტინის მთავარი მიზეზი ჩუტყვავილასა და სეზონური მწვავე რესპირატორული ინფექციების გავრცელების პრევენციაა.

ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა საერთო დაავადებების გამოსავლენად ყველა საბავშვო ბაღი მოიარეს.

,,ჩვენმა თანამშრომლებმა გუშინ ყველა საბავშვო ბაღი მოინახულეს, გაეცნენ არსებულ ვითარებას და, შესაბამისად, გადავწყვიტეთ ყველა საბავშვო ბაღის დაკეტვა რამდენიმე დღით", – განუცხადა Jnews-ს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა სირანუშ ტონაკანიანმა.

გამოცემის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ჩუტყვავილა და სეზონური მწვავე რესპირატორული ინფექციების შემთხვევები. ჩუტყვავილას შემთხვევები კი მხოლოდ ქალაქ ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში დაფიქსირდა. კარწახის საბავშვო ბაღში კი დაფიქსირდა ალერგიის შემთხვევები.

მწვავე რესპირატორული ინფექციით დაავადების შემთხვევა კი რამდენიმე ბაღში გამოვლინდა. სირანუშ ტონაკანიანი  მოუწოდებენ მშობლებს, დაავადებული ბავშვები ბაღში არ ატარონ.

,,ბავშვები საბავშვო ბაღში სხედან, ერთი ახველებს, მეორეს სურდო აქვს. მშობლებს ყოველთვის ვეუბნებით, რომ გაციებული ბავშვები საბავშვო ბაღში არ ატარონ, რადგან სხვა ბავშვები მაინც არ დაინფიცირდნენ. ვიმედოვნებთ, რომ მდგომარეობა ხუთ დღეში გამოსწორდება", – დაამატა სირანუშმა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 17 საბავშვო ბაღი, აქედან ორი ნახევარ განაკვეთზე და კვების გარეშე მუშობს. საბავშვო ბაღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 26-30 აპრილის ვადით დაიკეტა. ამ პერიოდში, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.
| Print |