ზურა სადათიერაშვილს საზოგადოების დიდი ნაწილი იცნობს, თუმცა მისი დამატებითი საქმიანობის შესახებ ბევრისთვის უცნობია. იგი 20 წელია მეფუტკრეობას მისდევს და ცდილობს დარგის გასავითარებლად ახალი სტანდარტები მოსინჯოს. ზურა სადათიერაშვილის წარმატების ხერხები – რუბრიკაში “წარმატებული ფერმერი”.
ზურა სადათიერაშვილის ჰობი და დამატებითი შემოსავალი მეფუტკრეობაა. ახალგაზრდა ფერმერი, თავისუფალ დროს, 20 ოჯახ ფუტკარს უვლის. ყველაფერი 20 წლის წინ, 20 წლის ასაკში, 6 ძირი სკით დაიწყო. ახალგაზრდა ფერმერისთვის ფუტკრის მოვლა სიახლე არ ყოფილა. ოჯახი მეფუტკრეობით წლების განმავლობაში იყო დაკავებული. პირველი, რაც დამწყებმა ფერმერმა გააკეთა ის იყო, რომ სკები ამერიკულ მოდელზე გადაიყვანა. ეს არის მრავალკორპუსიანი სკები, რომელიც თავზე რამდენიმე სართულის დადგმის შესაძლებლობას და ოჯახის გადართოვების საშუალებას იძლევა.
ახალგაზრდა ფერმერი, რომელიც ფუტკრებს სოფელ წნისში უვლის, მხოლოდ დინდგელს, სანთელსა და თაფლს აწარმოებს. როგორც თავად ამბობს, თაფლს წელიწადში, საშუალოდ 2–ჯერ წურავს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ფუტკრის პროდუქტიულობა შედარებით დაბალია, სადათიერაშვილი ამბობს, რომ ერთი სკიდან, წელიწადში 25 კგ. თაფლის აღება, საშუალო მაჩვენებლად ითვლება. სადათიერაშვილებს რეალიზაციის პრობლემა არასდროს ჰქონიათ.
ფერმერი მუდამ ცდილობს, მის მეურნეობაში სიახლეები დანერგოს. იგი ქართველი მეფუტკრეების არასწორ მიდგომებზე საუბრობს და მთავარ პრობლემად პესტიციდებისა და შხამ–ქიმიკატების უკონტროლო გამოყენებას მიიჩნევს.
სადათიერაშვილის თქმით, საქართელოში მეფუტკრეები ანტიბიოტიკებს უკონტროლოდ იყენებენ, რაც ახალგაზრდა ფერმერს დაუშვებლად მიაჩნია. იგი მეფუტკრეებს ანტიბიოტიკების მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებს.