სოფლის მეურნეობა
მესხ ფერმერებს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ესაუბრნენ
ახალციხეში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) საჯარო საინფორმაციო ფორუმი გაიმართა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრას ახალციხის და ადიგენის რაიონებიდან 40 ფერმერი დაესწრო. ფორუმზე მოწვეულმა ექსპერტმა მცირე და საშუალო ფერმერებისთვის კარგი წარმოებისა და ჰიგიენის პრაქტიკაზე, ასევე წინასწარ, აუცილებელ პროგრამებზე ისაუბრა. საჯარო ფორუმზე ფერმერებს ასოციაცია „ტოლერანტის“ ბაზაზე გახსნილი DCFTA საინფორმაციო რესურს მაგიდების საქმიანობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის "რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში.

პროექტი საქართველოს შვიდ რეგიონში ხორციელდება - აჭარა, სამეგრელო–ზემო სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და ქვემო ქართლი.

მისი მიზანია რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით, რათა მათ შეძლონ ამ კუთხით დახმარება გაუწიონ სოფლად მწარმოებლებს DCFTA მოთხოვნებთან ადაპტირებაში, ევროპის ბაზრებთან ქვეყნის ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის.

| Print |