სოფლის მეურნეობა
ლოკოკინა – დელიკატესი, რომელიც მესხეთში საუკუნეებს ითვლის
„ყინვა რომ დაიჭერს“ მესხეთში ლოკოკინების სეზონი დგება და „პირველ დაქუხებამდე“ მისგან სხვადასხვა კერძი, მათ შორის ხინკალი მზადდება.

გვიანი შემოდგომიდან - ადრე გაზაფხულამდე ლოკოკინები იძინებენ და მოსახლეობა მათ მიწაში ეძებს. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმე ზოგჯერ უშედეგოდაც მთავრდება. ერთი კილო ლოკოკინის კერძის მოსამზადებლად 150 ცალი მოლუსკია საჭირო, ამდენის მოძებნა კი მარტივი არ არის.

ასპინძისა და ადიგენის სოფლებში ფერდობებზე შეფენილ ადამიანებს თუ დაინახავთ, რომლებიც მიწას ჩიჩქნიან, ლოკოკინებს ან საკუთარი სიამოვნებისთვის, ან საკუთარი ჯიბისთვის ეძებენ.

ლევან კახაძე სოფელ რუსთავში ცხოვრობს. შეგროვებული ლოკოკინები ცენტრალურ გზაზე გააქვს და მყიდველებს ელოდება. 150 ცალს 20 ლარად, ხოლო 300 ცალს 35 ლარად ყიდის.

,,ზოგჯერ ხუთ წუთში ვყიდი, ზოგჯერ მეტი დრო მჭირდება. ძირითადად ტურისტები ყიდულობენ. ხშირად კითხულობენ იმასაც, როგორ შეიძლება საჭმლის მომზადება ლოკოკინით და აინტერესებთ რისთვის არის სასარგებლო. ყიდულობენ თბილისიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ხშირად უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტები“ – გვიყვება რუსთაველი ახალგაზრდა. ბავშვობიდან ლოკოკინა მისთვის შემოსავლის წყაროა.

ლევან კახაძის მსგავსად, ლოკოკინებს ეძებს იმედა ასპანიძე. სოფელ ნიჯგორში ,,მარნების ფერდობზე“ ის მეგობრებთან ერთად გადის და ლოკოკინებს მათთან ერთად ხან ნაკვერჩხალზე წვავს, ხან კი მოხარშულს მიირთმევს.

,,ლოკოკინისგან ასნაირი კერძი მზადდება. ლოკოკინა ნიჟარიანად უნდა გაირეცხოს ცივ, გამდინარე წყალში, მერე ადუღებულშიჩავყრით, მოხარშვას 20–25 წუთისჭირდება. ამის შემდეგ ნიჟარიდან ნემსით გამოგვაქვს, ვაცლით ბოლო ნაწილს და მივირთმევთ. მოხარშულის გარდა შემწვარსაც ვჭამთ. გემრიელია ხინკალში და სხვადასხვანაირად მომზადებული“, - გვეუბნება იმედა, რომელიც ყოველ წელს ელოდება „ლოკოკინების სეზონს“.

ახალციხელმა ლევან ყირიმლიშვილმა გადაწყვიტა, რომ ლოკოკინა მესხეთში მხოლოდ ოჯახურ კერძად არ უნდა დარჩენილიყო და მისი დაგემოვნება ყველა სტუმარს უნდა შესძლებოდა. ბევრი არ უფიქრია, ლოკოკინა რესტორნის მენიუში შეიტანა. ახალგაზრდა მეწარმე ფიქრობს, რომ ასე მესხური კერძების პოპულარიზაციას და საკუთარი საქმის ეფექტურად აწყობას შეძლებს.

,,ლოკოკინის მენიუში შეტანა მას შემდეგ გადაწყდა, როცა ჩვენი რესტორნის ძირითად ნიშად მესხური კულინარია ავირჩიეთ. ახალციხესა და ზოგადად სამცხე–ჯავახეთში შემოდგომიდან გაზაფხულამდე ლოკოკინა პოპულარული საკვებია. სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა, რომ სასარგებლო და გემრიელი მოლუსკი ერთგვარად ჩვენი ბრენდი გამხდარიყო“– გვიყვება ლევან ყირიმლიშვილი.

საქართველოში ფიქრობენ, რომ მესხეთში ლოკოკინისგან მომზადებული კერძების ჭამა ფრანგი მისიონერების შემოსვლის შემდეგ დაიწყეს. ისტორიკოსი გიორგი ბერიძე ამტკიცებს, რომ ეს „გაცვეთილი სტერეოტოპია“, თუმცა არ უარყოფს, რომ მეტად პოპულარული ეს კერძი სწორედ კათოლიკე სასულიერო პირების გამოჩენის შემდეგ გახდა.

,,ფოლკლორს რომ გადავხედოთ, ლოკოკინა ძალიან ძველ მესხურ სამზარეულოში გვხვდება. ერთი ხალხური ლექსი ადგილობრივებისგან 40-იან წლებში ჩაიწერეს.

„მტერი შემოგვესია,
კლდეს ვიპოვი ბინასა,
ვჭამდი მარტო თუთის ხმელს,
ვჭამდი ლოკოკინასა“.

ანუ როცა ხალხი მტრის შემოსევების დროს თავს აფარებდა ხრიოკ და კლდოვან ადგილებს, საკვებად მიჰქონდათ თუთის ხმელი, ტყლაპი და ლოკოკინა“
, - გვიამბობს გიორგი ბერიძე.

მტრისგან თავის გადარჩენის ერთერთი საშუალება დღეს მესხური დელიკატესია. ამ დელიკატესის სიყვარული ცუხიშვილების ოჯახმა ბიზნესად აქცია. ვინაიდან კერძის მოსამზადებლად ბევრის ყიდვა უწევდათ, ლოკოკინების მოშენება გადაწყვიტეს. მოვლის წესები ინტერნეტით შეისწავლეს და სამი წლის წინ ეზოში, 35 კვადრატულ მეტრზე 3 000 ლოკოკინა გაუშვეს.



ლოკოკინებით ქართულ ბაზარს ამარაგებენ. დღეს დეტალებზე საუბარი არ სურთ, თუმცა რამდენიმე წლის წინ ცუხიშვილების მიერ ლოკოკინების მოშენების ერთ-ერთი მოტივი გლერძის ბუჩქების გადარჩენაც იყო. მესხურ ლოკოკინას ძირითადად ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის სოფლების გარშემო კლდოვან ფერდობებზე, ამ მცენარის ფესვებში ეძებენ. შემგროვებლები ხშირად ფესვებს ისე უშიშვლებენ, რომ მცენარე ხმება. ასეთ შემთხვევაში ლოკოკინის მესხურ ჯიშსაც ანადგურებენ და ადგილობრივი ფლორის უნიკალურ მცენარე გლერძსაც. არადა, ეს მცენარე იმ ფერდობებს ამაგრებს, რომლებიც სოფლების გარშემოა. თუ გლერძი აღარ იქნება, შესაძლოა ფერდობების ეროზია დაიწყოს.

გლერძის ეს ჯიში ქართულია, ენდემური და მისი გადაშენება არ შეიძლება. ბოტანიკოსები ამბობენ, რომ შემოდგომით, როდესაც მცენარეები ხმობას იწყებენ, გამხმარი ნაწილის მოშორება ფესვებიდან სასარგებლო და აუცილებელია.

,,ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ მოპოვების დროს მცენარე არ დაზიანდეს და ის ნაწილი არ გაუფუჭდეს, რომელიც სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია. თორემ თუ ლოკოკინასთან ერთად, ფესვის ხმელი ნაწილი მოშორდება, გლერძი უფრო გაძლიერდება, მთავარია მთელი ფესვი არ დაუზიანდეს და მოითხაროს“ – ამბობს ბიოლოგი თამარ ნარიმანიშვილი.

ლოკოკინა გემრიელთან ერთად სასარგებლოც არის. მასში შემავალ ნივთიერებებში ერთი მესამედით მეტი ცილაა, ვიდრე ქათმის კვერცხში. შეიცავს ბევრ ვიტამინს, მიკროელემენტს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას. გარდა ამისა, მას განახლება, გაცოცხლება ახასიათებს, რის გამოც ლოკოკინა კოსმეტოლოგიაშიც ფართოდ გამოიყენება. კოსმეტოლოგი ნატა სანდაძე ამბობს, რომ მოლუსკს საკუთარი კანის განახლება შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის კანსაც აახლებს.

,,ლოკოკინის ლორწოთი დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები, დიდი პოპულარობით სარგებლობს. სასწაულმოქმედი ლორწო აკნეს სამკურნალოდ გამოიყენება. ის ძალიან კარგად უმკლავდება ასევე დამწვრობებს, ნაწიბურებსა და პიგმენტურ ლაქებს“, - გვიამბობს ნატა სანდაძე.

სამცხე–ჯავახეთი ერთადერთი მხარეა საქართველოში, სადაც მოლუსკს მიირთმევენ.

| Print |