სოფლის მეურნეობა
მოცვი გაიაფდა - სად იყიდება ძირითადად პროდუქცია
უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში მოცვი გაიაფდა. სეზონის დასაწყისში, თუ მოცვის ჩაბარების ფასი 20 ლარამდე მერყეობდა, ახლა ჩაბარების ფასი 7-10 ლარამდე დაეცა. საქართველოს მოცვის მწარმოებელთა საბჭოს წარმომადგენლის, დავით მაყაშვილის თქმით, ყოველწლიურად სეზონზე საქართველოში დაახლოებით 3-4 ათასი ტონა მოცვი მოჰყავთ. საქართველოს ბაზარზე 5-დან 10 პროცენტამდე იყიდება, დანარჩენი კი უმეტესად რუსეთის ბაზარზე გადის, შესაბამისად, რუსეთში მოცვზე ფასების კლება აისახება საქართველოზეც.

როგორც დავით მაყაშვილმა ,,ნეტგაზეთს" განუცხადა, მოცვზე დაბალი ფასის შენარჩუნება სავარაუდოა ივნისის ბოლომდე, შემდეგი თვიდან კი შესაძლოა უფრო მოიმატოს, რადგან ბაზარზე მოცვის რაოდენობაც დაიკლებს.

მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ახლა მისი შეძენა 8-14 ლარი [კილოგრამი] ჯდება, რაც წინა წლების ფასებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მოცვის ფასის შემცირება კავშირშია ექსპორტზე მიბმულ პრობლემებზე. ასევე, მოცვის ფასის კლებას საერთაშორისო ბაზარზე არსებული სიტუაცია, კერძოდ კი, პროდუქციის ჭარბი მიწოდებაც განაპირობებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალის თანახმად, გასულ წლებში მოცვის ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო ბაზარი რუსეთის ფედერაცია იყო.

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 983 290 ამერიკული დოლარის ღირებულების მოცვი გავიდა, აქედან 816 ათას ამერიკულ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქცია რუსულ ბაზარზე მოხვდა.

2020 წელს ექსპორტზე 3 მილიონ 822 ათასი ამერიკული დოლარის პროდუქცია გავიდა, საიდანაც 3 მილიონ 593 ათასი დოლარის პროდუქცია რუსეთში ექსპორტზე მოდიოდა.

2021 წელს კიდევ უფრო გაიზარდა მოცვის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლები და დაახლოებით 5 მილიონ 670 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რომლის დიდი ნაწილიც, 5 მილიონზე მეტი, კვლავ რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა.

| Print |