სოფლის მეურნეობა
"მთაში ყოველ დღე 1-2 სული ძროხა იგუდება ემკარით" -ეშტიის მოსახლეობა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის მოსახლეობას საქონელი დაავადება "ემკარით" ეხოცება.

სოფელში აცხადებენ, რომ თითქმის ყოველ დღე ორი ან სამი პირუტყვი ამ დაავადებით კვდება. ვინც აცრა საქონელი მათ მოახერხეს გადარჩენა.

ემკარი, ემფიზემატოზური კარბუნკული, იგივე ჭრიჭინა- მწვავე ინფექციური დაავადებაა კლოსტრიდიოზების ჯგუფიდან. ძირითადად ავადდება მსხვილი რქოსანი საქონლის მოზარდული. ხასიათდება კუნთოვან ქსოვილში კრეპიტაციული (პალპაციისას გამოსცემს ტკაცუნა, ჭრიჭინა ხმას) შეშუპებების წარმოქმნითა და მაღალი ლეტალობით.

დაავადება ენზოოტიურია განსაზღვრული ტერიტორიებისათვის, რაც განპირობებულია ნიადაგში გამომწვევის სპორების ხანგრძლივი შენარჩუნებით. ინფექციის გამომწვევის წყაროა დაავადებული ცხოველები და მძორები. დასნებოვნება ხდება ალიმენტური გზით და დაზიანებული კანის მეშვეობით.

დიაგნოზი ისმება ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისა და ბიოსინჯის საფუძველზე. მკურნალობისას დაავადების საწყის სტადიაზე იყენებენ ანტიბიოტიკებს.

პროფილაქტიკა: საძოვარზე გარეკვამდე 2 კვირით ადრე ვაქცინაცია; დაავადების გაჩენის შემთხვევაში — კარანტინი, დაღუპული საქონლის მძორების დაწვა, დეზინფექცია და სხვ. დაავადებული საქონლის სახორცედ დაკვლა და მძორიდან ტყავის აცლა აკრძალულია.
| Print |