სოფლის მეურნეობა
სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავება შესაძლოა სავალდებულო გახდეს
მთავრობა მიწის კოდექსის პროექტზე მუშაობს. აღნიშნული კანონპროექტის წარდგენას პარლამენტში მთავრობა მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.

„მიწის კოდექსის შემუშავება განპირობებულია იმით, რომ მიწის კანონმდებლობა არ არის სისტემატიზებული, მიწასთან დაკავშირებული საკითხები დაქსაქსულია და მოწესრიგებულია სხვადასხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რაც ართულებს მიწასთან დაკავშირებული რეგულაციების აღქმადობას. გარდა აღნიშნულისა:

სხვადასხვა კანონში ტერმინები სხვადასხვაგვარად არის განმარტებული და ურთიერთშეუსაბამოა. საკანონმდებლო აქტები მიღებულია სხვადასხვა წლებში და არ არსებობს ერთგვაროვანი მიდგომა შინაარსობრივად ერთგვაროვან საკითხებზე;

არსებული საკანონმდებლო აქტების აღსრულება წარმოადგენს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციას, ცალკეულ შემთხვევებში მკვეთრად არ არის გამიჯნული კომპეტენციები ან ბუნდოვანია რომელ უწყებას ექვემდებარება საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური უწყება, რომელიც ნიადაგის მიხედვით დაადგენს მიწის მიზნობრივ დანიშნულებას და კატეგორიას;

არ არსებობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლის შემთხვევაში, მიწის საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის მკაფიო კრიტერიუმები, რომელიც დაეფუძნება ნიადაგის შეფასებას, მოსავლიანობას, მიწის ნაკვეთის ღირებულებას და ა.შ;

მიწის დანიშნულების და კატეგორიის დადგენის მიზნით, გამოიყენება საბჭოთა პერიოდის მიწათსარგებლობის გეგმები, რომლებიც მოძველებულია და არ ასახავს ადგილზე დღეს არსებულ მდგომარეობას. ეს გეგმები არ ახლდება და საკანონმდებლო აქტით არ არის დადგენილი უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ საკითხზე;

წყლის ფონდის, წიაღის და მიწაზე კერძო საკუთრების საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგება რიგ შემთხვევაში, ბუნდოვანია;

არ არსებობს მიწის საბაზრო ღირებულების შეფასების ერთიანი სისტემა;

არ არის დადგენილი მესაკუთრის ვალდებულება, დაამუშაოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;

არ არის დადგენილი ეფექტური საკანონმდებლო მექანიზმი მიწათსარგებლობაზე სახელმწიფო ან/და მუნიციპალური ზედამხედველობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მიწასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა იმ საკითხებისა, რომელიც, თავისი არსით მიზანშეწონილია, ან კონსტიტუციიდან გამომდინარე, სავალდებულოა, რომ ცალკე საკანონმდებლო აქტებით რეგულირდებოდეს) მოწესრიგდეს ერთიანი, სისტემატიზებული საკანონმდებლო აქტით, რომელშიც თავს მოიყრის ყველა ის მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომელიც მიწის შენარჩუნებასა და გამოყენებას, სამართალურთიერთობებში ყველა პირის უფლება-მოვალეობებსა და ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას განსაზღვრავს,“
- აღნიშნულია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში.
| Print |