სოფლის მეურნეობა
კარტოფილის ფასი გაიზარდა
ერთ კვირაზე მეტია, კარტოფილის ფასმა ათი თეთრით მოიმატა და 0.8-0.9 ლარს შორის მერყეობს. ჯავახეთის სოფლებში მყიდველები გამოჩნდნენ.

აქამდე სოფლის მოსახლეობას კარტოფილი თავად მიჰქონდა ახალციხეში, თბილისში ან სხვა ბაზრებზე. ისეც ხდებოდა, რომ ფერმერები მოსავალს ვერ ყიდდნენ და კარტოფილით სავსე მანქანით უკან ბრუნდებოდნენ.

„კარტოფილზე ფასი თითქმის 5-10 თეთრით გაიზარდა, ახლა 80-90 თეთრია. მყიდველები მოდიან, თუ ასე გაგრძელდა, სოფლის მოსახლეობა მოსავლის გაყიდვას შეძლებს და გასული წლის ისტორია აღარ განმეორდება“, – ამბობს სოფელ ხანდოს მკვიდრი აშოტ საარიანი ადგილობრივ გამოცემა ,,ჯეინიუსთან".

კარტოფილზე ფასის გაძვირება შესამჩნევია იხტილაში, ბარალეთში, ტურცხსა და ახალქალაქის სხვა სოფლებშიც. სოფლის მოსახლეობის თქმით, თუ კარტოფილის იმპორტი გარკვეული დროით შეჩერდება, ადგილობრივები ამ პერიოდში მოსავლის რეალიზაციას შეძლებენ.

კარტოფილის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა ძირითადი საარსებო წყაროა. სოფლის მოსახლეობის თქმით, შემოსავალი ხშირად ხარჯსაც ვერ ფარავს, რადგან მათ, ყოველწლიურად ახალი ჯიშის თესლის ყიდვა უწევთ და 1 კგ-ში 3 ლარს იხდიან. ამ ხარჯს კი მორწყვის, სასუქისა და მოვლის ხარჯებიც ემატება, საბოლოოდ კი კარტოფილს ვერ ყიდიან ან მიზერულ ფასად ყიდიან.

| Print |