სოფლის მეურნეობა
ქართული ლოკოკინები ევროპაში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება
ლოკოკინების ფერმის ხელმძღვანელის მერაბ ნადარაიას თქმით, საქართველოში ეს პროდუქტი იმდენად ცნობილი არ არის, მაგრამ ნელ-ნელა ცნობადობა იზრდება და შესაბამისად, მოთხოვნაც მატულობს.

მერაბ ნადარაია ამბობს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წარმოების მატება დაახლოებით, 30%-ს შეადგენს.

„პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად იმ რესტორნებში ხდება, რომლებიც ტურისტულ ზონებში მდებარეობს, სადაც ლოკოკინის ფილეს რეალიზაცია წლიურად 20 ტონის და 100 ათასი თეფში ესკარბოს ოდენობით ხდება”, - განაცხადა მერაბ ნადარაიამ.

იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია და ესპანეთი - ქართული ლოკოკინა ექსპორტზე ევროპის ამ ქვეყნებში გადის, ხოლო ექსპორტის მოცულობა 1000 ტონას შეადგენს.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში, ლოკოკინების ფერმის გარდა, ნახევარფაბრიკატების ქარხანაც ფუნქციონირებს, სადაც ლოკოკინის ფილე, ხორცი, გაწმენდილი ნიჟარები რესტორანში გამოსაყენებლად და გამზადებული - კარაქსა და მწვანილში შეზავებული სამი სახის ესკარბო იწარმოება.
| Print |