სოფლის მეურნეობა
რუსეთში აქციზის ფასის ზრდა არის შესაძლებლობა, ქართული ღვინის ფასი დაუბრუნდეს მაღალ ნიშნულს - ზურაბ ჩხაიძე
რუსეთში აქციზის ფასის ზრდა არის შესაძლებლობა, ქართული ღვინის ფასი დაუბრუნდეს მაღალ ნიშნულს - ასე ეხმაურება KTW ჯგუფი მაისიდან რუსეთში ღვინის იმპორტზე აქციზის ზრდას.

როგორც ცნობილია, 1-ლი მაისიდან რუსეთი ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის ფასს ზრდის. საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ღვინის 65% სწორედ რუსეთზე მოდის. აქციზის ფასის ზრდასთან ერთად, სფეროს ექსპერტები ექსპორტის შემცირებას და ბაზარზე ქართული ღვინის ფასის ზრდას ვარაუდობენ.

KTW ჯგუფი ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელსაც რუსეთის ბაზარზე დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელები გააქვს ექსპორტზე. „ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რა გავლენას იქონიებს აქციზის ფასის გაზრდა KTW ჯგუფზე, გაუზრდის თუ არა ხარჯებს და შეუმცირებს თუ არა ექსპორტს.

როგორც KTW ჯგუფის პრეზიდენტი, ზურაბ ჩხაიძე „ბიზნესპრენიუსთან“ აცხადებს, კომპანია აქციზის ფასის ზრდას შესაძლებლობადაც აღიქვამს. როგორც ჩხაიძე აზუსტებს აქციზის ფასის ზრდა ქართული ღვინის ფასის ფორმულირების და შედარებით მაღალ საფასო ნიშნულზე დაბრუნების შესაძლებლობაა.

„ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც ამ თემის ირგვლივ დაისმება - ღვინის ექსპორტის ბაზრების დივერსიფიცირებაა. KTW ჯგუფს ამ მიმართულებით, 5-წლიანი სამოქმედო გეგმა გვაქვს დასახული. რაც შეეხება ხარჯების ზრდასა და ექსპორტის შემცირებას - ბევრჯერ დამდგარა მსგავსი გარემოება და, როგორც გამოწვევა ისე მიგვიღია.

ჩვენი კომპანია აქციზის ფასის ზრდას ერთგვარ შესაძლებლობადაც აღიქვამს - ფორმულირდეს ქართული ღვინის ფასი და დაუბრუნდეს წინანდელ, შედარებით მაღალ საფასო ნიშნულს. ეს შესაძლებლობა როგორც დიდმა, ისე საშუალო მწარმოებელმა სწორად უნდა გამოიყენოს“
, - აღნიშნა ჩხაიძემ.

KTW ჯგუფის პრეზიდენტი თქმით, ქართული ღვინის დეფიციტურობის გამო, კომპანიის ბევრმა პარტნიორმა მარაგები შექმნა, შესაბამისად, რეალური სურათი, რა გავლენას იქონიებს აქციზის ფასის გაზრდა რუსეთის მხრიდან, მოგვიანებით გამოჩნდება.

„ამას ემატება შიდა ფაქტორებიც - მცირემოსავლიანი რთველი. წელს ქართული ღვინო დეფიციტურია და შეიძლება ითქვას, მოთხოვნა მიწოდებას სჭარბობს. დღეს კი, მოცემულობა შემდეგია - აქციზის ფასის მოსალოდნელი ზრდის გამო, ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა მარაგები შექმნა. შესაბამისად, რეალურ სურათს, თუ რა გავლენა ექნება ამ სიახლეს ქართული ღვინის სექტორისთვის და KTW ჯგუფისთვის, მოგვიანებით დავინახავთ“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვარში საქართველოდან 17,951 მლნ დოლარის ღირებულების 6,477 ტონა ღვინო გავიდა. ხოლო რუსეთში 13,326 მლნ დოლარის 5,066 ტონა ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ერთი ლიტრი ღვინის საექსპორტო ფასი 2,7 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
| Print |