სოფლის მეურნეობა
სოციალური დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებს, მიწის რეგისტრაციის შემდეგ, მოეხსნებათ თუ არა სტატუსი?
„სოციალური დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციის შემდეგ აღნიშნული სტატუსი არ მოეხსნებათ“ – ამის შესახებ როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში იურისტი გვანცა ჟორჟოლიანი აცხადებს, მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, მათ არც დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევთ.

„ვინც ისარგებლებს მიწის რეგისტრაციის სისტემური რეფორმით და სოციალური დაუცველის სტატუსი აქვს, ეს სტატუსი არ მოეხსენებათ. გადასახადებს რაც შეეხება, 2004 წლამდე თუ არის აღნიშნული მიწები მათ საკუთრებაში და ამ მიწებს ვარეგისტრირებთ, ამ შემთხვევაში ისინი მიწის გადასახადებისგანაც თავისუფლდებიან“, – აცხადებს გვანცა ჟორჟოლიანი.
მან ისიც თქვა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, უფასოდ რა სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ მიწის სისტემური რეგისტრაციისას.

„ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, უფასოდ რა სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ამ რეფორმის ფარგლებში. ისინი მიიღებენ ძალიან ბევრ სერვისს უფასოდ. მათ შორის აზომვითი ნახაზების მომზადება, აზომვითი ნახაზების კორექტირება, მიწის რეგისტრაცია, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მეზობლებთან გარიგებასაც უფასოდ დაურეგისტრირებს საჯარო რეესტრი. სამეზობლო დავის შემთხვევაში შეუძლიათ უფასოდ სარგებლობა სანოტარო მედიაციით, აქვთ ამის უფლება, მაგრამ არ აქვთ ინფორმაცია“, – აცხადებს ადვოკატი.

მიწების სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2022 წელს დაიწყო და 2025 წლის 1-ელ იანვარს დასრულდება. გვანცა ჟორჟოლიანის თქმით, ქვეყნის მიწების ტერიტორიის 1/3 დაურეგისტრირებელია. თუმცა, რეალურად ხდება ამ მიწების გამოყენება მოქალაქეების მხრიდან. ეს რეფორმა ეხება მთლიანად საქართველოს, მაგრამ არ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თვითმმართველ ქალაქებზე – თბილისზე, ბათუმზე, ქუთაისზე, ფოთსა და რუსთავზე.

რეფორმის შესახებ დეტალები წაიკითხეთ სრულად.
| Print |