რეგიონი
სომხეთი მზად არის ხელი მოაწეროს ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებას შესაბამისი პირობებით
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას რეგიონში თავის მეტოქე, აზერბაიჯანთან ორი მეზობლის მიერ ადრე შეთანხმებული პრინციპების საფუძველზე და მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის თურქეთთან, რომელიც ბაქოს ახლო მოკავშირეა.

კოსტანიანმა, 2 მარტს, თურქეთში ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ბაქოსთან ნებისმიერი შეთანხმება მოითხოვს ორივე მხარისგან ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას.

მისი თქმით, ერევანი ესწრაფვის ანკარასთან ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას, მათ შორის საზღვრის გახსნისა და დიპლომატიური კავშირების დამყარებას.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოანმა და სხვა ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ შემდგომი პროგრესი ნორმალიზაციის პროცესში დამოკიდებულია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელსაც აზერბაიჯანი ესწრაფვის.

ყაზახეთში თურქული სახელმწიფოების ლიდერების ნოემბრის სამიტზე გამოსვლისას ერდოჰანმა ასევე მოსთხოვა სომხეთს ექსტერიტორიული დერეფნის გახსნა აზერბაიჯანის ნახიჩევანის ექსკლავამდე. ერევანი აგრძელებს ამ მოთხოვნის უარყოფას.

სამშვიდობო ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიკმეტ გაჯიევმაც.

„მშვიდობა ეხება ბაქოსა და ერევანს, ის არ არის დაკავშირებული პარიზთან, ბრიუსელთან და სხვა ადგილებთან. ორმა ქვეყანამ უნდა მოაწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას“ ,— განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ანტალიაში მიმდინარე 2024 წლის დიპლომატიური ფორუმის — „მშვიდობა, განვითარება და კავშირები სამხრეთ კავკასიაში“ — ფარგლებში.

გაჯიევმა ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობის მისაღწევად რეალური განზრახვაა საჭირო. ჰიკმეტ გაჯიევმა ისიც აღნიშნა, რომ ამ კუთხით აზერბაიჯანულ მხარეს აქვს კითხვა სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით.

მან განაცხადა, რომ მილიტარიზაციის პროგრამების წახალისება აღარ უნდა მოხდეს.

ჰიკმეტ გაჯიევის თქმით, აზერბაიჯანს აქვს სურვილი, რომ სამხრეთ კავკასია ტრანსფორმაციის, მშვიდობის, უსაფრთხოების და თანამშრომლობის რეგიონი იყოს.
| Print |