რეგიონი
სომხეთში მენტალიტეტის რევოლუციაა - არეგ კოჩინიანი
„უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ პრეზიდენტმა, არეგ კოჩინიანმა თბილისში, რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე უპასუხა კითხვას, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს სომხეთი რუსეთისგან განცალკევების კუთხით.

„თუკი 2017 წელს სოციალურ გამოკითხვებში გამოკითხულთა 80%-ზე მეტი პასუხობდა, რომ რუსეთი არის სომხეთის მთავარი მოკავშირე და 5%-ზე ნაკლები ფიქრობდა, რომ რუსეთი არის საფრთხე, 2023 წლის დასაწყისში, სექტემბრის ესკალაციამდეც კი, რომელიც უდიდესი დარტყმაა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებისთვის, 40%-ზე მეტმა განაცხადა, რომ რუსეთი არის საფრთხე და 50%-ზე ნაკლებმა უპასუხა, რომ ის არის მოკავშირე.

ახლა ეს რიცხვები მნიშვნელოვნად უფრო დიდი იქნება. ასე, რომ ჩემი პასუხია: ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, მხოლოდ დასაწყისია. რუსების გასვლა სომხეთის აეროპორტიდან, შემდგომში ჩვენ ვნახავთ რუსი მესაზღვრეების სომხეთიდან გასვლას, სომხეთიდან რუსული ერთობლივი საჰაერო სისტემის დანაყოფების გაყვანას. სომხეთმა დე ფაქტო დატოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია.

ჩვენ უკვე ერთი წელია არ ვესწრებით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში არცერთ ღონისძიებას. არ ვმონაწილეობთ არცერთ სამხედრო წვრთნებში. წელიწადზე მეტია, გამოვიწვიეთ ჩვენი ელჩი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან. ასე რომ, ჩვენ დე ფაქტო დავტოვეთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია. ჩემი ვარაუდით, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და მომდევნო ორი წლის განმავლობაში უფრო მეტს ვნახავთ და სომხეთის მომავალი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა“,
- აღნიშნა არეგ კოჩინიანმა.

მისი თქმით, ისურვებდა, რომ სომხეთმა 2024 წელს გააფორმოს სამშვიდობო ხელშეკრულება აზერბაიჯანთან, დაემშვიდობოს ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფ რუსულ ჯარებს და გადადგას ნაბიჯები ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

„ვისურვებდი, 2024 წელს სომხეთმა გააფორმოს სამშვიდობო ხელშეკრულება აზერბაიჯანთან - სომხეთი მზადაა ამისთვის, მოხდეს აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მუსიკის Проща́ние славя́нки ჩართვა, სომხეთში მყოფი რუსი ჯარებისთვის ხელის დაქნევა, დაემშვიდობება და სომხეთის ევროატლანტიკურ ინტეგრაცია“, - აღნიშნა არეგ კოჩინიანმა.
| Print |