რეგიონი
აზერბაიჯანი სომხეთს 4 სასაზღვრო სოფელს სთხოვს
აზერბაიჯანი, რომელმაც გასულ წელს საბოლოოდ დაამყარა კონტროლი მთიან ყარაბაღზე, ახლა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ერთ-ერთ წინაპირობად საზღვართან მდებარე, სომხეთის დაქვემდებარებაში მყოფი ოთხი სოფლის უპირობოდ გადაცემას ითხოვს.

ეს ტერიტორია საქართველოს საზღვართან ახლოსაა. მასზე გადის თბილისი-ერევნის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ძირითადი გზა და, ასევე, რუსეთიდან მომავალი „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც საქართველოს კვეთს და სომხეთს გაზით ამარაგებს.

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი მიანიშნებს, რომ მზადაა, ეს ტერიტორიები დათმოს. მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების პარალელურად, - რასაც რეგიონის ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისგან დაცლა მოჰყვა, - სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობენ.

მოლაპარაკებები, - ჯერ მოსკოვის, შემდეგ ვაშინგტონის, ბრიუსელის და სხვათა მედიაციით, ბოლოს კი სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთი-ერთზე დარჩენით, - უკვე მრავალი თვეა, იწელება.

ერთ-ერთი ფორმატი, სადაც მხარეები მცირედით მაინც მიიწევენ წინ, ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების სხდომებია. ბოლო სხდომა წინა ხუთშაბათს, 7 მარტს გაიმართა.

სომხეთის პოზიციით, მხარეებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სომხეთის პოზიცია უხეშად რომ შევაჯამოთ, ასეთია: თუკი მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ეს ოკუპირებული სოფლები აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიად უნდა აღიაროს და ოკუპაცია შეწყვიტოს.

კომისიის ბოლო სხდომიდან 2 დღეში, 9 მარტს, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის, შაჰინ მუსტაფაევის ოფისმა გაავრცელა განცხადება და „დეზინფორმაცია“ უწოდა ცნობებს „31 სომხური სოფლის ოკუპირების“ შესახებ.

რადიო თავისუფლების ცნობით, მუსტაფაევი კომისიების მოლაპარაკებებში აზერბაიჯანის დელეგაციას ხელმძღვანელობს.

მისი პოზიციით, „სრულიად დაუსაბუთებელია, ითქვას, რომ ეს ტერიტორია სომხეთს ეკუთვნის და ოკუპირებულია, მანამ, სანამ საზღვრები არ დაზუსტდება“. რვა სოფლიდან შვიდი საქართველოს საზღვრიდან არცთუ მოშორებით მდებარეობს. მხოლოდ მერვე მათგანია ირანის საზღვრისკენ. აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ისინი „ყოველგვარ ეჭვს გარეშე ეკუთვნის აზერბაიჯანს და დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს“.

ეს სოფლები, რომლებიც წლებია, მიტოვებულია, ამჟამად სომხეთის ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული. ისინი იმართება, როგორც სომხეთის ტავუშის პროვინციის ნაწილი. ტავუშის პროვინცია აზერბაიჯანს და საქართველოს ესაზღვრება.
| Print |