რეგიონი
ევროპარლამენტი მხარს უჭერს სომხეთისთვის ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭებას
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის განხილვის წინადადებით გამოდის, - ინფორმაციას გამოცემა News.am ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 504-მა წევრმა, წინააღმდეგი - 4 წავიდა, ხოლო 32-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

დოკუმენტი, რომლის ავტორია „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქცია, წარმოდგენილია როგორც ყველა ფრაქციის ერთობლივი ინიციატივა.

რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის წევრები გამოდიან შეთავაზებით, განიხილონ სომხეთის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა.

„თუ სომხეთი დაინტერესებულია კანდიდატის სტატუსის მოპოვებით და გააგრძელებს მდგრადი რეფორმების გზას, რომელიც გააძლიერებს მის დემოკრატიას, ეს შეიძლება გახდეს ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი“, - ნათქვამია ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების ერთობლივი რეზოლუციის პროექტში.

ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროპულ კომპანიებსა და ინვესტორებს, გაამყარონ სომხეთთან ეკონომიკური კავშირები და სავაჭრო ურთიერთობები. გარდა ამისა, რეზოლუციის ავტორები გამოდიან მოწოდებით, დაკმაყოფილდეს ერევნის თხოვნა, რომ დახმარება აღმოუჩინონ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ უკანასკნელ წლებში სომხეთში სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები მოხდა და მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობის უზრუნველყოფა.

დოკუმენტში ნახსენებია სომხეთის განცხადება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობის გაყინვის შესახებ. ავტორები აღიარებენ, რომ ამგვარად ქვეყანა ცდილობს შეამციროს რუსეთზე თავისი დამოკიდებულება.

რეზოლუციაში ასევე ნახსენებია სომხების მასობრივი წასვლა ყარაბაღიდან (ყოფილი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკიდან) მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა შარშან სექტემბერში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ აქტიურად უჭერს მხარს ბაქოსა და ერევანს შორის მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ ძალისხმევას ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვით.

დეპუტატებმა იუნესკოს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ყარაბაღში სომხური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვისთვის.

| Print |