სპორტი
ბაკურიანელმა მოციგავემ საბა ქუმარიტაშვილმა, პეკინის ოლიმპიადაზე ორი დაშვება შეასრულა
პეკინში ზამთრის 24-ე ოლიმპიურ თამაშებზე ბაკურიანელმა მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა იასპარეზა, რომელმაც დღეს, 5 თებერვალს ორი დაშვება შეასრულა. მან 34 მონაწილეს შორის 31-ე ადგილი დაიკავა და იაპონელ, სამხრეთკორეელ და ბოსნიელ სპროტსმენებს გადაუსწრო.

21 წლის ქართველმა მოციგავემ Yanqing National Sliding Centre-ში პირველი დაშვებისას დისტანცია 1:00.211 წუთში დაფარა, მეორე ცდაზე კი 1:00.146 წუთი აჩვენა და ლიდერს, გერმანელ იონაჰეს ლუდვიგს +5.856 წამით ჩამორჩა.

ოლიმპიადაზე მოციგავეთა შეჯიბრში მესამე და მეოთხე დაშვება 6 თებერვალს გაიმართება და გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

შეგახსენებთ, რომ პეკინში ციგაობაში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი სწორედ საბა ქუმარიტაშვილი იყო, რომელიც 2010 წელს ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია.

სპორტსმენმა ოლიმპიადაზე ასპარეზობისთვის ლიცენზია მიმდინარე წლის იანვარში მოიპოვა.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე 95 ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენი იასპარეზებს სპორტის 15 დისციპლინაში, მათ შორის: ბიატლონში, ყინულის ჰოკეიში, ციგურებით სრიალში, სათხილამურო სპორტში, სნოუბორდში, ფიგურულ სრიალში და სხვა.

ოლიმპიადის დახურვის ცერემონია 20 თებერვალს გაიმართება.
| Print |