საზოგადოება
ბორჯომში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან - როგორ განვითარდა მოვლენები 19 აგვისტოდან დღემდე

ბორჯომში ხანძარი პირველად 19 აგვისტოს, ზორეთის ტერიტორიაზე გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით საღამოს შვიდი საათისთვის შენიშნეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახური. პირველადი ვერსიით ხანძრის გაჩენა სავარაუდოდ მეხის დაცემამ გამოიწვია. ამავე დღეს ხანძარი თითქმის ლიკვიდირებული იყო საშიშროება აღარ არსებობდა.

მეხანძრეების მუშაობის მიუხედავად, ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა 20 აგვისტოსაც.

21 აგვისტოს ხანძრის ახალი კერები გაჩნდა და ცეცხლი კვლავ გაძლიერდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში კი ვერტმფრენი ჩაერთო. თემის რწმუნებულის ცნობით, ცეცხლის ქრობა ღამით, ნაკლები ხილვადობის და ქარის გამო გართულდა, თუმცა მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ.

21 აგვისტოსვე ბორჯომში თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ჩავიდნენ. ისინი არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნნენ.

ამავე დღის მეორე ნახევარში, ბორჯომის სოფელ დგვარში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. ცეცხლი მოსახლეობამ სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში შენიშნა, ამ ადგილზეც მეხანძრე-მაშველებმა დაიწყეს მუშაობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, კი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთო.

სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან გაგრძელდა და ქრობის პროცესში დამატებით 4 ვერტმფრენი, 300-მდე მეხანძრე - მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 წარმომადგენელი მონაწილეობს.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 150 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული, თუმცა ცეცხლის მოსახლეობამდე მიღწევის რისკი არ არსებობს. ხანძრის ქრობის სამუშაოებს შინაგან საქმეთა, თავდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, ჯამში 1 200 კაცზე მეტი, უწყვეტ რეჟიმში ამ დრომდე ახორციელებს. ადგილზე ასევე, მობილიზებულია 120-110 ერთეული ტექნიკა, მათ შორის მძიმე ტექნიკა და ტრაქტორები.
| Print |