საზოგადოება
ზაზაძეები, ზაზაშვილები, ზაზიკაშვილები - გვარის წარმოშობის ისტორია
ზაზაძე და ზაზაშვილი სამცხე-ჯავახეთში გავრცელებული გვარია. ზაზაძეების უმრავლესობა ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ თმოგვში ცხოვრობს, ზაზაშვილები კი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მკვიდრობენ.

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზაზა, რომელიც ებრაული წარმოშობისაა და ქართულად სიუხვეს, ბრწყინვალეს ნიშნავს.

ამირა ზაზაშვილი, ვახუშტისა და ასლამაზის ყმა, მოიხსენიება 1883 წლის ყმების ნუსხაში, რომელიც სელიმხანა მელიქსეთაშვილის სახელზე იყო გაცემული.

ზაქუმბეგ ზაზაშვილი 1680-1716 წლებში მოიხსენიება ავთანდილ დიასამიძის სახელზე გაცემული ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში.

ამავე ძირისაა გვარები: ზაზაძე, ზაზიაშვილი, ზაზიკაშვილი.

საქართველოში 1156 ზაზაძე, 684 ზაზაშვილი,153 ზაზიკაშვილი და 54 ზაზიაშვილი ცხოვრობს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდედანაა 2008 წლის, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ალექსანდრე ზაზაშვილი, რომლის სახელსაც ადიგენში ერთ-ერთ- ქუჩა ატარებს.

ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტიდანაა ბიზნესმენი და ქველმოქმედი, მესხეთისთვის მნიშვნელოვანი პიროვნება, პავლე ზაზაძეც.

პავლე ზაზაძე დაიბადა 1900 წელს ადიგენის რაიონის სოფელ უდეში აზნაურ სიმონ ზაზაძისა და არალიდან უდეში გამოთხოვილი ელისაბედ ვარდიძის მრავალშვილიან ოჯახში.

1913 წელს ოქტომბერში პავლე ზაზაძე ბიძამ (დედის მხრიდან) სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტრის მღვდელმა შალვა ვარდიძემ სტამბოლში წაიყვანა, ქართველ კათოლიკეთა მონასტერთან არსებულ ვაჟთა სასწავლებელში განათლების მისაღებად. I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სტამბოლში ცხოვრება აირია, სკოლები დაიხურა, ბევრი მოსწავლე გერმანიასა და პოლონეთში გახიზნეს. პავლე კი ბიძის რჩევით თურქეთში დარჩა საქართველოსთან ახლოს, სამშობლოში დაბრუნების იმედით.

პავლე ზაზაძე სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. I მსოფლიო ომს, ოსმალეთის იმპერიის დაცემით შექმნილ მძიმე ვითარებას საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლაც ზედ დაერთო და საქართველოსთან ყოველგვარი კავშირი გაწყდა. მოგვიანებით პავლეს სამშობლოდან მალულად გადმოსული ძმები – ლევანი და ალიოზი ესტუმრნენ, პავლემ ახალდაწყებული საქმეები ვეღარ მიატოვა. ძმები კი სამშობლოში მალულად ვეღარ დაბრუნდნენ. საბჭოთა ჯარისკაცებმა ისინი საზღვარზე დააკავეს და დახვრიტეს, ოჯახზე კი მძიმე რეპრესიები განხორციელდა.

სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერთან არსებული ვაჟთა სასულიერო სასწავლებლის დახურვის შემდეგ, პავლემ ორი წელი ნათესავთან იმუშავა, სავაჭრო საქმე შეისწავლა, თანხა დააგროვა, სავაჭრო ადგილი შეიძინა და სულ მალე სტამბოლში ცნობილი პიროვნება გახდა.

იმ პერიოდში სტამბოლში ფერიქოის უბანში, მამა პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ 1861 წელს დაარსებულ ქართველთა სავანეში ორი მონასტერი მოქმედებდა – მამათა და დედათა. დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ ანა (ელისაბედ) ბეჟანიძე (წარმოშობით ბათუმიდან), რომელიც დედათა მონასტერთან არსებულ ქართულ–ფრანგულ ქალთა სასწავლებელსაც ხელმძღვანელობდა. ანა ბეჟანიძესთან იზრდებოდნენ მისი ობოლი დისშვილები ალექსანდრე და მარი (მარიამ) ჩილინგარიშვილები. სწორედ მარიამზე იქორწინა პავლემ და შეეძინათ სიმონი და ანიტა.

პავლე ზაზაძე მართალია სასულიერო ცხოვრებას არ გაჰყოლია, მაგრამ ძალიან ახლოს იყო სტამბოლის ქართველთა სავანესთან. დროთა განმავლობაში მონასტრის მესვეურები ხანში შევიდნენ და მათი რიცხვიც შემცირდა. მონასტრის წინამძღვარნი ხშირად ევედრებოდნენ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში ლტოლვილ ქართველებს – ეპატრონათ სტამბოლის ქართველთა სავანისთვის, მაგრამ მხოლოდ პავლე ზაზაძე აღმოჩნდა ამ სავანის მეთვალყურე, მზრუნველი და გარდაცვლილთა საფლავების პატრონი.

1956-1959 წლებში ქართველთა სავანეს მძიმე დრო დაუდგა, ქვეყანაში ატეხილმა ქარიშხალმა ამ სავანესაც გადაუარა. 1966 წელს ცოცხალი იყო მხოლოდ ეკლესია–მონასტრის მსახური პავლე აკობაშვილი (ადგულაძე). ეკლესია–მონასტრის არსებობას საფრთხე დაემუქრა, ამიტომ კათოლიკე მრევლმა გადაწყვიტა, შეექმნათ კათოლიკეთა საზოგადოების ფონდი, რომლის თავმჯდომარედ 1966 წელს პავლე ზაზაძე აირჩიეს, ეკლესია–მონასტრის გამგედ კი პავლე აკობაშვილი (ადგულაძე). ამ პერიოდიდან უფრო გამოიკვეთა პავლე ზაზაძის როგორც სტამბოლის ქართველთა სავანის ქომაგის პიროვნება.

მონასტრის საკმაოდ ვრცელ მიწებზე ბევრს ეჭირა თვალი, კანონიც ხშირად იცვლებოდა და ამ საკუთრების დაცვაც ძნელდებოდა, თუმცა ზაზაძეთა ოჯახის ძალისხმევით ყველაფერი ხელუხლებლად შენარჩუნდა. 1960 წელს უთვისტომო ადამიანთა დახმარებისათვის ვატიკანმა პავლე ზაზაძეს „კომანდატორის“ წოდება მიანიჭა.

პავლე ზაზაძის ფირმა "ზაზა" ათამდე ფაბრიკას ფლობდა და სხვადასხვა პროფილით მუშაობდა. 1957 წელს პავლე ზაზაძის ბიზნესს მძიმე დრო დაუდგა და ერთმანეთის თანმიმდევრობით დაიხურა საფეიქრო, პარფიუმერიის, საპნისა და სათადარიგო ნაწილების საწარმოები, თუმცა მამა–შვილმა დაკარგულის დაბრუნება შეძლო და დღემდე სამართლებლების მწარმოებელი „ZAZA“ თურქეთში პირველი ფირმაა.

1988 წელს სარფის კარის გახსნის ამბავი დიდი სიხარული იყო უკვე დაუძლურებული მოხუცისათვის. 1989 წელს აგვისტოში პავლე ზაზაძე გარდაიცვალა, დასაფლავებულია სტამბოლში.

ფერიქოის ძველ უბანში მდებარე ქართველთა სავანეში, ეკლესიის ერთ–ერთ შიდა კედელზე მოთავსებულია საპატიო დაფა, რომელიც გვამცნობს, რომ 1966-1989 წლებში სავანის მრევლის – კათოლიკეთა საზოგადოების თავმჯდომარე იყო პავლე ზაზაძე.

დღეს პავლე ზაზაძის სახელს ატარებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი.

| Print |