SSSS


საზოგადოება
ნოზაძეები - სამეფო, საბატონო და საეკლესიო გლეხები
ფუძე: "ნოზა" - საკუთარი სახელი კაცისა. ნოზაძე ეპონიმური ტიპის გვარ-სახელია. მის ფუძეში წინაპრის სახელია ფიქსირებული. ნოზაძე ერთძირიანი გვარია.

ბუდე: ნოზაძეთა გვარის ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო იმერეთში საჩხერის მხარეში ჩანს. ერთი გადმოცემის მიხედვით, ასეთი ბუდე ხარაგაულის რაიონის სოფელი ფონა ყოფილა.

შთამომავლობა: ნოზაძენი სამეფო, საბატონო და საეკლესიო გლეხები იყვნენ. იყვნენ სასულიერონიც.

ხსენება: ქართულ საისტორიო საბუთებში ნოზაძეთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება. 1662 წლის დვანელიშვილის მიერ იორამიშვილისადმი მიცემულ გირავნობის წიგნში მოწმედ დასახელებულია ნოზაძე გიორგი. 1667 წლის ნასყიდობის წიგნში, რომელიც ქართლში თავად ფავნელიშვილს დედოფლის დეკანოზ დავითისთვის მიუცია, ასევე მოწმედ იხსენიება ნოზაძე გასიტა.

ქართლში სოფელ წაბლოვანს მცხოვრები ნოზაძე პაატა და მისი ძმები სტეფანე და გიორგი იხსენიებიან XVII საუკუნის II ნახევრის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში. ამავე სოფელ წაბლოვანის მკვიდრი ნოზაძე მოწმედ არის დასახელებული XVIII საუკუნის დამდეგის მარტიროზაშვილისა და კოსტადელისშვილის სადავო საქმის გარდაწყვეტილების წიგნში.

1740-იან წლებში საციციანოში ძამის ციხე გატყდა. იქ ამოწყვეტილ და დაკარგულ გლეხთა სიაში ნოზაძეთა გვარიც იხსენიება. 1781 წლის აზნაურ ოქრომჭედლიშვილის ქვრივის საჩივარში აღნიშნულია, რომ ქართლის სოფელ დვანში ფავლენიშვილებს მხოლოდ ერთი კომლი გლეხი ჰაყვდათ, ორად გაყოფილი, გვარად ნოზაძენი.

1794 წელს ფრონესხეველი ნოზაძეები არზით მიმართავენ მეფე ერეკლე II-ს. ძველთაგან სახასო ყმანი ვართ, მეფე ვახტანგს ჩხეიძისთვის მივუბარებივართო. მივუბარებივართ, კი არ ვუბოძებივართო. ჩვენ ჩხეიძეთა სამკვიდრო არა ვართო. ნოზაძის გვარი 65 კომლი ვართო. 10 კომლი ქართლში ვდგავართ, სხვები - იმერეთში და ოსმალოს ქვეყანაშიო. ახლა ჩხეიძეები გვაწუხებენო. თუ თქვენი საფარველი ჩვენ არ დაგვადგა, ჩვენც დავიკაგებითო, - მოახსენებენ ნოზაძეები მეფე ერეკლეს. "დაკარგვა" მაშინდელი ქართველის მეტყველებაში ახალციხის საფაშოში გადასვლას ნიშნავდა. მეფე ერეკლემ ნოზაძეები სახასო გლეხებად გამოაცხადა და თავად ჩხეიძეებს მისწერა, ნოზაძეებთან ხელი არა გაქვთო.

XVIII საუკუნის მოლაშქრეთა ერთ დავთარში იხსენიება სოფელ ტკოცას აზნაურ რიკაძეთა მამულში მცხოვრები ნოზაძე ხოსიტა, თოფით მოლაშქრე, ნოზაძე ბერიკა, შუბით მოლაშქრე, სოფელ წაბლოვანას სახასო გლეხი ნოზაძე პატა, თოფით მოლაშქრე, და სოფელ სატივეს მცხოვრები ნოზაძე პატა, ესეც თოფით მოლაშქრე.

1782 წელს ერთ ბატონყმობის წიგნში მოწმედ იხსენიება სოფელ ოსიაურის მამასახლისი მამუკა ნოზაძე.

XVIII საუკუნის კახეთის მოსახლეობის ერთ-ერთ აღწერაში იხსენიება გარე კახეთის სოფელ კაკაბეთში მოსახლე ალავერდელი ეპისკოპოსის ყმა ნოზაძე, რომლის კომლიდან ერთი მოლაშქრე გამოდიოდა თოფით. XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, ნოზაძეებს უცხოვრიათ იმერეთის სოფლებში: ჯალაურთაში (საბატონო გლეხები), ჩხირაულში (საბატონო გლეხები და სასულიერონი), მოძვში (საბატონო გლეხები და სასულიერონი), დარკვეთში (საბატონო გლეხები), ბერეთისაში (საბატონო გლეხები და სასულიერონი).

1888 წლის ასანიძე-ციცქიშვილთა თამასუქი დაამოწმა მერევის სასოფლო საზოგადოების "სელსკი სუდია" ნოზაძემ.

1915 წლის პირობის წიგნი კნეინა მარიამ მაღალოვსა და პეტრე ელიავას შორის დაუმოწმებია ახალქალაქის მამასახლისს ივანე ნოზაძეს.

განშტოებანი: ეთნოგრაფიული მონაცემებით, ნოზაძეთა გვარის განშტოებას წარმოადგენს ქართლში სოფელ რუისში მცხოვრები ცაცანაშვილების გვარი და მესხეთში ახალციხეში მცხოვრები ალელიშვილების გვარი.

მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის ნოზაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში, ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და შუაგულ სადროშოებში და კახეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში.

საკუთვნო: "ნოზაძეების უბანი" - უბანი ზემო იმერეთის სოფლებში: გრიგალათში, დარკვეთში, მეჩხეთურში, პერევისაში, ქვედა ბერეთისაში, სისვაძეებში, ურუნაში; "ნოზაძეების კლდე" - კლდე ქვედა ბერეთისაში, "ნოზაძეების ჭალა" - ჭალა სოფელ ურუნაში, "ნოზაძის გორა" - სოფელ დარკვეთში, "ნოზაძის მიწა" - ადგილის სახელი სოფელ ჯვარში (ყველა ეს სოფელ ზემო იმერეთშია). "ნოზაძეების წყარო" - წყარო შიდა ქართლის სოფელ ღუდაში, "ნოზაძეების ბჭა" - ჭა შიდა ქართლის სოფელ ვაყაში.

გვარიშვილნი: ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ნოზაძეთა გვარისშვილნი: ფილოლოგი, რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძე, ისტორიკოსი შოთა ნოზაძე, მღვდელმონაზონი საბა ნოზაძე, პროფესორი ალექსანდრე ნოზაძე, პროფესორი გაიოზ ნოზაძე, მსახიობი და რეჟისორი შოთა ნოზაძე, მსახიობი პავლე ნოზაძე, დრამატურგი და რეჟისორი ლაშა ნოზაძე, ქართული ჯარის გენერალი სიმონ ნოზაძე, ფალავანი რამაზ ნოზაძე, ფალავანი და ფალავანთა აღმზრდელი შალვა ნოზაძე და სხვანი.

ნოზაძეებმა შექმნეს ნოზაძეთა საგვარეულო ორგანიზაცია, რომელიც უკვე წლების განმავლობაში გამოსცემს დიდი ქართველი ემიგრანტი მეცნიერის ვიქტორ ნოზაძის შრომების მრავალტომეულს.
განსახლება: ადრევე დაწყებულა ნოზაძეთა მრავალრიცხოვანი გვარის განსახლება ზემო იმერეთიდან შიდა ქართლში, სამცხესა და კახეთში. უფრო გვიან გამოჩნდნენ ნოზაძეები ჰერეთში, ქვემო ქართლში, ვაკე იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში. მესხეთში მცხოვრები ნოზაძეების ნაწილი გამაჰმადიანდა იმ დროს, როცა ახალციხის მხარე ჯერ კიდევ საფაშო იყო. ახლა მათი შთამომავალნი აზერბაიჯანსა და ჩრდილო კავკასიაში არიან ეგრეთ წოდებულ "მესხეთელ თურქთა" შორის. ნოზაძეები არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.

საქართველოში ნოზაძეები ყველაზე მრავლად არიან ხაშურის, საჩხერის, ჭიათურის, ლაგოდეხის, ქარელის რაიონებში; ქალაქებში: ქუთაისში - დაახლოებით 70 კომლი, რუსთავში - 200 კომლი, თბილისში 600 კომლი.

ამჟამად შიდა ქართლში ნოზაძეები თითქმის ორჯერ მეტნი არიან, ვიდრე გვარის პირვანდელ საცხოვრისში - იმერეთში.

ოდენობა: საქართველოში ნოზაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვია 11 399.

წყარო:karibche.ambebi.ge
Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
Օրացույց
«« Մայիս  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.