საზოგადოება
გურამ ჩადუნელი ამბობს, რომ მის სახელზე რეგისტრირებული 9 მიწის ნაკვეთი არაბებს ეკუთვნით
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი გურამ ჩადუნელი IDFI-ის კვლევას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ მის ანგარიშზე საზღვარგარეთიდან ხორციელდება ფულადი გზავნილები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შესაძენად. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გურამ ჩადუნელის საკუთრებაში დარეგისტრირდა 172 000 აშშ დოლარის 9 მიწის ნაკვეთი. ამასთან, ჩადუნელის მიერ შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მიწის რეალური მფლობელია საუდის არაბეთის მოქალაქე ალრაჰმა ზიიად აჰმედი. მან ასევე, 2021 წელს საჩუქრის სახით მეგობრისგან მიიღო 36 660 აშშ დოლარი.

გურამ ჩადუნელი განმარტავს, რომ მის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთები სინამდვილეში მის არაბ მეზობლებს ეკუთვნის. თავად კი არამოქალაქე მეზობლებს მხოლოდ ქონების გაფორმებაში ეხმარება და მყიდველსა და გამყიდველს შორის გამტარის როლს ასრულებს.

"სოფელ სადგერში, სადაც მე ვცხოვრობ, ჩემს გვერდით ცხოვრობენ საუდის არაბეთის მოქალაქეები, სამი სახლი აქვთ. მე მათთან მეზობლური ურთიერთობა მაქვს. ერთ დღეს, როდესაც მიწის ნაკვეთს ყიდულობდნენ მთხოვეს, რომ იუსტიციის სახლში ჩავსულიყავი, სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწა დროებით მე გადამეფორმებინა. მე უარი არ მითქვამს და გავიფორმე. სხვა არაფერი ყოფილა. ამის შემდეგ კიდევ შეიძინეს მიწები და ისიც ჩემს სახელზე გააფორმეს იურისტთან ერთად. ახლა აპირებენ მოქალაქეობის მიღებას და ამის შემდეგ გადაიფორმებენ თავიანთ სახელზე ამ ყველაფერს." - ამბობს გურამ ჩადუნელი "მეცხრე არხთან" საუბრისას.

ჩადუნელი დეკლარაციაში აღნიშნული 36 660 აშშ დოლარის შესახებაც საუბრობს, რომელიც საჩუქრად აქვს მითითებული და ამბობს, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველი დეკლარაცია შეავსო და წესები არ იცოდა. აღნიშნული თანხა კი არა მეგობრის საჩუქარი, არამედ ერთ-ერთი მიწის შესყიდვის საფასურია.

"2021 წელს მე პირველად შევავსე დეკლარაცია, მაშინ საჯარო მოხელე არ ვიყავი და არც კი ვიცოდი რა უნდა ჩამეწერა. შემშალა და არასწორად შევავსე. ეგ თანხა გადმომირიცხეს, მიწა შევუძინე და გადავიფორმე ჩემს სახელზე, სულ ეს იყო. მე ჩემი საკუთარი მანქანა კი არა, ველოსიპედიც არ მყავს." - ამბობს ჩადუნელი.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI - მ) თანამდებობის პირთა მიერ მიღებული საჩუქრების კანონიერება შეისწავლა. სწორედ ამ კვლევაში მოხვდა გურამ ჩადუნელის მიერ შევსებული დეკლარაცია.
| Print |